არსებობის ისტორიაში პირველად მე-5 ეროვნული კიბეროლიმპიადა - „კიბერ კუბი 2020“ ონლაინ რეჟიმში ჩატარდა
07 ივნისი, 2020

100-ზე მეტი ახალგაზრდა შეიკრიბა მეხუთე ყოველწლიურ ეროვნულ კიბეროლიმპიადაში „კიბერ კუბი 2020“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც არსებობის ისტორიაში პირველად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. 

კიბეროლიმპიადის ორგანიზატორია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი (CERT-GOV-GE).

კიბეროლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების ხელშეწყობა და პუპულარიზაცია, ასევე იმ პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას.

კიბეროლიმპიადაში მონაწილეობაზე განაცხადის გაკეთება კიბერსაკითხებით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას შეეძლო, რომელთა შერჩევის პრინციპი ეყრდნობოდა მათ ცოდნასა და გამოცდილებას ქსელურ არქიტექტურაში, კრიპტოგრაფიაში, ე.წ. სკრიპტინგში და ვებდეველოპმენტში.

„პანდემიასთან დაკავშირებული რეალობის გათვალისწინებით, წელს ჩვენც შევცვალეთ ფორმატი და კიბეროლიმპიადა ონლაინ რეჟიმში ჩავატარეთ. ეს, რასაკვირველია, ახალი გამოწვევა იყო და გვაინტერესებდა, რამდენად გაამართლდებდა ჩვენი გადაწყვეტილება. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ოლიმპიადამ შეფერხების გარეშე, წარმატებით ჩაიარა და ჩვენ მოგვეცა საშუალება უკვე მეხუთედ, და ამჯერად ონლაინ რეჟიმში, შევხვედროდით პერსპექტიულ, საინტერესო ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის კიბერუსაფრთხოებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმდომარე ნიკოლოზ გაგნიძემ.

კიბეროლიმპიადის მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული კიბერინციდენტების შედეგების აღმოფხვრის, ასევე კიბერკრიზისული სიტუაციების პრევენციის საუკეთესო გზების მოძიებაში გაეჯიბრნენ. გადასაჭრელ ამოცანათა შორის ასევე შედიოდა კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები და ჰაკერული თავდასხმები. შესასრულებელი დავალებები საერთაშორისო პრაქტიკასა და CERT-GOV-GE-ის გამოცდილებაზე იყო დაფუძნებული.

„სასიხარულოა, რომ კიბერსაკითხებით ამდენი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდაა დაინტერესებული. ეს კიდვ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა იმ პირობებში, როდესაც ონლაინ კიბეროლიმპიადის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით გავავრცელეთ და მაინც ასეთი დიდი დაინტერესება ვნახეთ მონაწილეების მხრიდან. ზოგადად, 2016 წლიდან მოყოლებული, როდესაც პირველი ოლიმპიადა ჩავატარეთ, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ყოველ მომდევნო წელს კიდევ უფრო განახლებული პროგრამა შევთავაზოთ მონაწილეებს, ვინაიდან სწრაფად იცვლება მიდგომები, ვითარდება კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიები. ეს პროექტი კიბერუსაფრთხოების მიმართ სისტემური მიდგომის მაგალითია, რაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან წარმატებული თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა და მისი შენარჩუნებაა“, - დავით ქვათაძე, CERT-GOV-GE-ის მენეჯერი.

საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები სპონსორებისგან საინტერესო პრიზებით დაჯილდოვდნენ:

ღონისძიების სპონსორები: “Owasp Tbilisi”; ასოციაცია „გრენა“; „გრინნეტი“; „საქართველოს უნივერსიტეტი“