data exchange
საქართველომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსთან კიბერუსაფრთხოების სფეროში ახალი პროექტების განხორციელება დაიწყო
30 ნოემბერი, 2018

საქართველოს მთავრობამ კიბერუსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი და ფართომასშტაბიანი თანამშრომლობითი პროექტები დაიწყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებთან. ამ პროექტების ფარგლებში ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით იგეგმება არაერთი სასწავლო ვიზიტი, სამუშაო შეხვედრა და სემინარი, რის შედეგადაც მოხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, საქართველოს კიბერსივრცის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერა, სასწავლო სავარჯიშოების, ტრენინგებისა და კვლევითი აქტივობების ორგანიზება.

სწორედ ამ თანამშრომლობის საწყისი ფაზის ფარგლებში, მიმდინარე წლის 20-22 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში გაწეული აქტიური მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ კვლევით-შეფასებითი ვიზიტით თბილისში ჩამოვიდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების გლობალური ცენტრის (GCSCC - The Global Cyber Security Capacity Centre) წარმომადგენლები. ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო კვლევითი ცენტრია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და უკვე შეფასებული აქვს არაერთი ქვეყნის კიბერუსაფრთხოების განვითარების დონე.

ამჯერად GCSCC-ის ვიზიტის მიზანი საქართველოს კიბერუსაფრთხოების განვითარების შესწავლა, ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობების, საფრთხეებისა და ხარვეზების გამოკვლევა და მათ გამოსასწორებლად კონკრეტული რეკომენდაციებისა და ინიციატივების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა იყო. ამ მიზნის მისაღწევად GCSCC-ის წარმომადგენლები შეხვდნენ საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე აკადემიურ სექტორს, რათა ყველა შესაძლო დაინტერესებულ მხარესთან და უფლებამოსილ უწყებებთან შემდგარიყო უშუალო კომუნიკაცია და დოკუმენტური მასალებითა და ინტერვიუებით მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებით მომზადებულიყო საქართველოში არსებული კიბერუსაფრთხოების გარემოს შეფასებითი დოკუმენტი.

„ბრიტანულ მხარესთან ერთად კიბერუსაფრთხოების სფეროში ვიწყებთ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტებს. ეს არის ჩვენი სააგენტოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გაწეული სამუშაოების შედეგი, რომლის დროსაც არაერთ კონფერენციასა თუ სამუშაო შეხვედრაზე ხდებოდა საქართველოს მიერ კიბერუსაფრთხოების სფეროში განხორციელებული ინიციატივების წარდგენა და ინფორმაციის გაცვლა. თბილისში გამართულმა პირველმა შეხვედრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც საჯარო, ისე კერძო და აკადემიურ წრეებში. გვქონდა ძალიან ნაყოფიერი კომუნიკაცია და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა სამომავლოდაც წარმატებით გაგრძელდება, რაც საქართველოს, როგორც საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების საზოგადოების აქტიური წევრის როლს კიდევ უფრო გაზრდის“, - ნიკოლოზ გაგნიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე.

თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, ბრიტანელი ექსპერტები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოამზადებენ დოკუმენტის პირველად ვერსიას საქართველოში კიბერუსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც გაგრძელდება პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.

11 აპრილი, 2012
SPAM - სპამი
03 თებერვალი, 2012
ფიშინგი
26 ივლისი, 2011
სახლის უკაბელო ინტერნეტ ქსელის უსაფრთხოება
25 ივლისი, 2011
Malware – „ბოროტი პროგრამა“
24 ივლისი, 2011
ინფორმაციის კლასიფიკაცია
 
როგორ შევარჩიოთ პაროლი?
საბანკო ბარათები
სოციალური ქსელები