ერთიანი სავაჭრო ქსელის საკოორდინაციო კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა
25 მარტი, 2016


იუსტიციის სახლში ერთიანი სავაჭრო ქსელის პროექტთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა გაიმართა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.

ერთიანი სავაჭრო ქსელი (TFS) საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. ქსელი ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის სისტემაა, რომელშიც ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები არიან ჩართულნი. სისტემის საშუალებით სავაჭრო ოპერაციების მონაწილე კომპანიები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საერთო ვებპორტალის მეშვეობით ონლაინრეჟიმში აწარმოებენ ყველა იმ ოპერაციას, რომლებიც საქართველოში და საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვასთანაა დაკავშირებული. სისტემაში ჩართული კომპანიები გადაზიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციას ელექტრონულ რეჟიმში ავტომატურად ცვლიან, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცედურას, ამცირებს ფინანსურ და დროსთან დაკავშირებულ ხარჯებს; ტვირთების განბაჟების პროცესი კი უფრო სწრაფი და კომფორტული ხდება.

ამჟამად ქსელი საპილოტე რეჟიმში მუშაობს, სრულად ამოქმედების შემდეგ ერთიანი სავაჭრო ქსელი ყოველწლიურად 1 მილიონ ქაღალდის დოკუმენტს ჩაანაცვლებს, ბიზნესმენებს კი წლის განმავლობაში 4.5 მილიონი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს. ყოველივე ეს საქართველოს უფრო მიმზიდველს ხდის ბიზნესის წარმოების კუთხით.

დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა მხარეებისთვის ინფორმაციის მიღებას იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ერთიანი სავაჭრო ქსელი და რა სამუშაოებია ჩასატარებელი მის სრულ ამოქმედებამდე.

15 თებერვლიდან ერთიანი სავაჭრო ქსელი საპილოტე რეჟიმში მოქმედებს. პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი ფოთისა და ბათუმის პორტები, რამდენიმე საზღვაო ხაზი, საბაჟო ტერმინალი და სატრანსპორტო კომპანია.

საპილოტე რეჟიმში მოქმედების დღიდან პროგრამის დროდადრო დახვეწისა და ხარვეზების აღმოფხვრის ფონზე იზრდება მასში ჩართული კომპანიების რიცხვი. საზღვაო ხაზების, საბაჟო ტერმინალებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენელთათვის ტარდება სპეციალური ტრენინგები ქსელის ფუნქციების გასაცნობად. ბოლო დროს მასში ჩართვის სურვილი რამდენიმე ახალმა კომპანიამ გამოთქვა.

ერთიანი სავაჭრო ქსელის სრული დატვირთვით ამოქმედებაზე იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ მუშაობს. პროგრამაში ჩართულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტები, გადამზიდავი კომპანიები, საბაჟო ტერმინალები, რკინიგზა, ექსპედიტორები და სხვა სუბიექტები.

ერთიანი სავაჭრო ქსელის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.