„მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ ტაშკენტში გამართულ სემინარზე ელმმართველობისა და კიბერუსაფრთხოების კომპეტენციის ცენტრის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა
30 მაისი, 2019

ტაშკენტში გამართულ საერთაშორისო სემინარზე, რომელიც ელექტრონული მმართველობის განვითარების თანამედროვე მიმართულებებს ეხებოდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ იურიდიული სამმართველოს იურისტმა ეკა გორდაძემ ისაუბრა ელმმართველობისა და კიბერუსაფრთხოების კომპეტენციის ცენტრის ქართულ მოდელზე, რომელიც „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოში იქმნება.

„ჩვენი სააგენტო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ელექტრონული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების კომპეტენციის ცენტრის შექმნაზე, რომელიც თავს მოუყრის ქვეყნის მიღწევებისა და მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ ინფორმაციას/ცოდნას და შექმნის პლატფორმას, რათა ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ სხვადასხვა დაინტერესებული ქვეყნის წარმომადგენლებს და დავეხმაროთ საქართველოში უკვე განხორციელებული წარმატებული რეფორმების მათ მოთხოვნებზე მორგებული ფორმით გადატანის მიმართულებით. აღნიშნული ცენტრის შესახებ საერთაშორისო მასშტაბით ინფორმაციის გასაზიარებლად ასეთი ტიპის ღონისძიებები მეტად მნიშვნელოვანია. სემინარზე დამსწრე აუდიტორია დაინტერესდა კომპეტენციის ცენტრის ქართული მოდელით. გაიმართა საინტერესო დისკუსიაც, რომლის დროსაც უცხოელ პარტნიორებს პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ’, - ეკა გორდაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ იურიდიული სამმართველოს იურისტი.

„მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ წარმომადგენელმა სემინარის მონაწილეებს ასევე გააცნო საქართველოს მიერ ელმმართველობის მიმართულებით გატარებული რეფორმები და წარმატებული პროექტები.

სემინარი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო ადმინისტრირების აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.