„მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ელექტორნული სერვისების ერთიან პორტალზე (My.gov.ge) სერვისების განთავსების შესაძლებლობა განიხილა
22 აპრილი, 2019

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ წარმომადგენლებმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე კერძო სექტორში არსებული ელექტორნული სერვისების My.gov.ge-ის პლატფორმაზე ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრის მიმდინარეობისას კერძო სექტორის წარმომადგენლებს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის დანიშნულებისა და გამოყენების შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდათ. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭრით ჩატარდა.

შეხვედრაზე, რომელსაც თერთმეტი კერძო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იმ შესაძლებლობაზე ისაუბრეს, რომელსაც ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი კერძო სექტორს მათი სერვისების თანამედროვე, უსაფრთხო და მოქნილ პლატფორმაზე განთავსებით სთავაზობს. შეხვედრაში მონაწილე კომპანიებს შორის იყვნენ სადაზღვევო, საბანკო, ფარმაცევტული, სატელეკომუნიკაციო ბაზრის მსხვილი მოთამაშეები, რომლებსაც უკვე დანერგილი აქვთ არაერთი საინტერესო ელექტორნული მომსახურება.

„ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან სასარგებლოა, ვინაიდან კერძო სექტორთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება გვეძლევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად, როგორიცაა ელექტრონულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. სასიხარულოა, რომ კერძო სექტორი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს არაერთ ელექტორნულ სერვისს სთავაზობს, რომელთა გამოყენებაც ზოგავს მომხმარებლის დროს, ფინანსებსა და ენერგიას. ჩვენ კერძო სექტორს ვთავაზობთ მზა პლატფორმას ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის სახით, სადაც განთავსებულია საჯარო სექტორში არსებული სერვისები, კერძო სექტორის სერვისების ინტეგრაციით კი კიდევ უფრო გაიზრდება ამ სერვისების გამოყენების სიხშირე. მაგალითად, უკვე ვმუშაობთ სამოგზაურო დაზღვევის პორტალიდან მიღების შესაძლებლობაზე და იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორის სერვისების წილი სამომავლოდ ეტაპობრივად გაიზრდება“, - ნიკოლოზ გაგნიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე.