გაეროს უახლესი კვლევის მიხედვით, ელ-მმართველობის განვითარების დონით საქართველო რეგიონის ლიდერია
26 ივლისი, 2018

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2018 წლის ელ-მმართველობის კვლევის მიხედვით, საქართველო ელ-მმართველობის განვითარების ინდექსით როგორც რეგიონის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციაზეა. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს რუმინეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს; აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის კი ბელორუსიასთან ერთად ლიდერია და უსწრებს მოლდოვას, უკრაინას, აზერბაიჯანსა და სომხეთს.

„ნიშანდობლივია, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც ელ-მმართველობის მაღალი ინდექსი აქვთ, სოლიდურ რესურსებს ხარჯავენ ამ მიმართულებით. საქართველოს ამ მხრივ გაცილებით მწირი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ნაჩვენები შედეგი შთამბეჭდავია, რაც იმ ფართომასშტაბიანი სამუშაოს შედეგია, რომელსაც საქართველოს მთავრობა სხვადასხვა უწყების აქტიური ჩართულობით ახორციელებს. აღნიშნული წარმატება კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს, რომ საქართველო ელ-მმართველობის განვითარების თვალსაზრისით სწორ გზაზე დგას და ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებასაც უზრუნველყოფს“, - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გაგნიძემ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელქტრონული მმართველობის მსოფლიო ინდექსის მიზანია გაზომოს კონკრეტული ქვეყნის წარმატება ელექტრონული მთავრობის ინსტიტუციონალურ მოწყობაში, პოლიტიკის განსაზღვრასა და შესაბამისი ინფრაქსტრუქტურის მშენებლობაში. აღნიშნული ინდექსი ორწლიანი ინტერვალებით ქვეყნდება.

„2018 წლის კვლევაში რამდენიმე საყურადღებო დეტალია, რომელიც საქართველოს წინსვლაზე მიუთითებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გარემოებაა, რომ საქართველო, სხვა 51 ქვეყანასთან ერთად, დაჯგუფებულია რა ე.წ. საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში, ჩვენი ქვეყნის ელ-მმართველობის ინდექსი ეკონომიკური განვითარების აღნიშნული კატეგორიისთვის დამახასიათებელ ინდექსს სცილდება და გაცილებით მაღალია. ზოგადი ტენდენციაა, რომ არსებობს პოზიტიური თანხვედრა ეკონომიკურ განვითარებასა და ელ-მმართველობის განვითარების ინდექსს შორის. ამ მხრივ კი, როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს - მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური განვითარების დონით ვართ საშუალოზე დაბალი შემოსავლის ქვეყნების კატეგორიაში, ჩვენი ელ-მმართველობის განვითარების ინდექსი არის გაცილებით მაღალი (HIGH EGOVERNMENT DEVELOPMENT INDEX) და ჩვენ აღნიშნულ 51 ქვეყანას შორის ვლიდერობთ“, - დასძენს ნიკოლოზ გაგნიძე.

ამა თუ იმ ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარების საერთო დონის შეფასებისას საქართველო 2010 წლის მონაცემებთან შედარებით 2012 წელს 28 საფეხურით დაწინაურდა და 19
3 ქვეყანას შორის მე-100 საფეხურიდან 72-ე ადგილზე გადაინაცვლა; 2014 წელს 56-ე ადგილი დაიკავა; 2016 წელს 61-ე, ხოლო უახლესი 2018 წლის კვლევის მიხედვით კი მე-60 საფეხურზეა.

აღსანიშნავია, რომ ელ-მმართველობის განვითარების მხრივ ძირითადად ევროპული სახელმწიფოები ლიდერობენ. გაეროს ელ-მმართველობის ინდექსის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა საგრძნობი წინსვლა ონლაინ სერვისების სწრაფი განვითარების ხარჯზე მსოფლიოს ყველა რეგიონში და ყველა საშემოსავლო კატეგორიის ქვეყანას შორის. ელექტრონულ სერვისებს შორის ყველაზე ფართოდ გვარცელებულია კომუნალური გადასახადების გადახდა, გადასახადების დეკლარირება და ახალი ბიზნეს სუბიექტის რეგისტრაცია.

ელ-მმართველობის განვითარების გლობალური ინდექსის მიხედვით პირველ სამეულში არიან დანია, სამხრეთ კორეა და ავსტრალია.