საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების IX რეგიონული კონფერენცია „GITI 2016“
14 ნოემბერი, 2016


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებზე ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება, რომელიც წელს მეცხრედ იმართება, ტრადიციულად, იუსტიციის მინისტრმა გახსნა:


„ყოველი მომდევნო კონფერენცია განვითარების ახალ საფეხურზე გადადიოდა. დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით გამართული ღონისძიება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეგიონული მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თავს უყრის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების წამყვან მოთამაშეებს, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციამ თავისი არსებობის განმავლობაში შექმნა საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის უნიკალური მოდელი, რომლის მიხედვითაც, ორივე მხარე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებისთვის ერთობლივი ძალისხმევით მუშაობს“,
აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

წლევანდელმა კონფერენციამ, რომლის დევიზია „პარტნიორობა კონკურენციის, ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოებისთვის“, რეკორდული რაოდენობის სტუმარს უმასპინძლა. მის მუშაობაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებს, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებს, ასევე, ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.

ღონისძიების მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხები განიხილეს, წარმოადგინეს წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციური IT პროექტები და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ მაგალითებს გაეცნენ, მოისმინეს ცნობილი ექსპერტების პრეზენტაციები კიბერუსაფრთხოების თემებზე.

კონფერენცია, ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. წელს კონკურსში 50 პროექტია იყო წარდგენილი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. მათგან საუკეთესოები კი 15 ნომინაციაში გამოავლინდნენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სტრუქტურებიდან გამარჯვება მოიპოვეს საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოებმა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2 ჯილდოს მფლობელი გახდა. საჯარო რეესტრმა 1 ჯილდო „საუკეთესო IT მენეჯმენტისთვის“ მიიღო, ასევე ნომინაციაში "საუკეთესო ონლაინ საინფორმაციო წყარო" რეგისტრაციის „
Blockchain“ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულმა პროექტმა მიიპოვა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოც 2 ჯილდოს მფლობელი გახდა.  სერვისების განვითარების სააგენტომ პირველი ჯილდო ყველაზე ინოვაციური ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებისათვის, ხოლო მეორე ჯილდო ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტისათვის მოიპოვა.