ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგი
02 ოქტომბერი, 2019

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებისთვის და საშუალო და მაღალი რანგის მენეჯმენტისთვის ინფორმაციულ უსაფრთხოებაში ტრენინგების მორიგი ციკლი ჩაატარეს. აღნიშნული ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის  მხარდაჭერით ჩატარდა.

ტრენინგის თემატიკა მოიცავდა:

· „ინფორმაციული უსაფრთხოება: შესავალი, დანერგვა და აუდიტი“;

· „ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის რისკების მართვა“;

· „ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შიდა აუდიტორი“.

ტრენინგების მიმდინარეობისას ძირითადი ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მართვის სისტემა და ინფორმაციული უსაფრთხოება, რისკების მართვა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტის ჩატარება და ორგანიზაციის სარგებელი აღნიშნული მიდგომების გამოყენებით.

დამსწრე აუდიტორია ასევე გაეცნო ISO 27001:2013 სტანდარტის მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია ორგანიზაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული სტანდარტების დანერგვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს როგორც საკუთრივ ამა თუ იმ ორგანიზაციისთვის, ისე ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევისა და შენარჩუნებისთვის.

ჩატარებული ტრენინგები, ასევე მოიცავდა პრაქტიკულ მაგალითებს, რომელთა გამოყენებამაც მეტი სიცხადე შეიტანა სტანდარტის მოთხოვნების მნიშვნელობის ილუსტრირების თვალსაზრისით.

სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ მსგავს ტრენინგებს რეგულარულად ატარებს, როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის, რომელთა გამართულ და უწყვეტ მუშაობას ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ისე იმ კომპანიების წარმომადგენლებისთვის, რომლებზეც არ ვრცელდება „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რათა ამ ორგანიზაციებში გაუმჯობესდეს ინფორმაციული უსაფრთხოების შესრულების ხარისხი და, ზოგადად, სტანდარტები შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებულ ნორმებთან.

„ჩატარებულ ტრენინგებზე დაფიქსირდა მსმენელთა რეკორდული რაოდენობა, რაც ორგანიზაციების გაზრდილი ინტერესისა და ჩართულობის მაჩვენებელია“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მენეჯერმა, დავით ბულავრიშვილმა.

ინფორმაციულ უსაფრთხოებაში ტრენინგების კურსი შემუშავებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს მიერ.