საერთაშორისო კიბერსავარჯიშოებში CERT-GOV-GE-მ მე-8 ადგილი დაიკავა
26 ივლისი, 2017

საერთაშორისო კიბერსავარჯიშო CyberEx 2017-ში CERT-GOV-GE-ს კიბერუსაფრთხოების ქართველმა ექსპერტებმა მე-8 ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურ საერთაშორისო კიბერსავარჯიშოებში CERT-GOV-GE-მ მონაწილეობა მეორედ მიიღო. გასული წლის მაჩვენებლის მიხედვით, ქართველი ექსპერტები მე-16 პოზიციაზე იმყოფებოდნენ.

CyberEx 2017 ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. კიბერსავარჯიშოებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის CERT-ები და ის ორგანიზაციები, რომლებიც კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ.

საქართველოს მხრიდან, საერთაშორისო სავარჯიშოებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის, CERT-GOV-GE-ს მენეჯერმა, დავით ქვათაძემ, CERT-GOV-GE-ს წამყვანმა სპეციალისტმა, დავით ცქიტიშვილმა და CERT-GOV-GE-ს სპეციალისტებმა, ლაშა ტაკაშვილმა და ალექსანდრე შატბერაშვილმა. სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის სპეციალისტებთან ერთად, სავარჯიშოებში ასევე მონაწილეობდა CERT-GOV-GE-ს ყოფილი თანამშრომელი ზვიად კიკვიძე, რომელიც ამჟამად „თიბისი ბანკისკიბერუსაფრთხოების სპეციალისტია.

CyberEx 2017-ში მიღწეულ შედეგს დადებითად აფასებს დავით ქვათაძე და აღნიშნავს, რომ კიბერსავარჯიშოებით მიღებულ გამოცდილებას CERT-GOV-GE სხვა ქართულ ორგანიზაციებსა და ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს გაუზიარებს. CERT-GOV-GE-ს მენეჯერის განმარტებით, მოცემული ტექნიკური სავარჯიშოების შესასრულებლად ყველა გუნდისთვის ვირტუალური ლაბორატორია და კონკრეტული დრო იყო გამოყოფილი. სავარჯიშოები, სხვა საკითხებთან ერთად, კრიპტოგრაფიასა და ქსელური ნაკადის ანალიზსაც მოიცავდა. მონაწილეებმა ასევე შეასრულეს სხვადასხვა "ჰაკინგსავარჯიშოც".

"პირველ რიგში, ჩვენ წარმოვაჩინეთ, თუ როგორ შეგვიძლია გავართვათ თავი მოცემულ დავალებებს და საკმაოდ კარგი შედეგიც ვაჩვენეთ - დაახლოებით 100 გუნდიდან მე-8 ადგილზე გავედით. ეს კი ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ურიგო ნამდვილად არ გახლავთ. ვისწავლეთ ახალ ინციდენტებზე რეაგირება და მივიღეთ სერიოზული გამოცდილება, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენ გამოვიყენებთ, არამედ საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებსაც გავუზიარებთ.

მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ მსგავს კიბერსავარჯიშოებს საქართველოში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციებისთვის. ასევე, ვაწყობთ კიბეროლიმპიადებს სტუდენტებისთვის. ასე რომ, ცოდნის გაზიარებისა და გადაცემის მხრივ, CyberEx 2017-ის ფარგლებში მიღებული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უახლესი კიბეროლიმპიადის ჩატარებას ოქტომრის დასაწყისში ვგეგმავთ", - აღნიშნავს დავით ქვათაძე.

CyberEx 2017 OAS-ის, incibe-ისა და CNPIC-ის ორგანიზებით ჩატარდა.

დამატებითი ინფორმაცია საერთაშორისო კიბერ სავარჯიშოს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://www.cyberex.es/international/