მონაცემთა გაცვლის სააგენტომ NATO-სთან თანამშრომლობით რეგიონული კიბერუსაფრთხოების საკითხებზე გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა
21 ოქტომბერი, 2015

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის საგენტომ NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS) ფარგლებში, ყვარელში მდებარე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ფილიალში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც კიბერუსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაუმჯობესებული საშუალებების იდენტიფიცირებასა და სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში რეგიონული კიბერთავდაცვის უზრუნველყოფის საკითხებს მიეძღვნა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში საერთო გამოყენების კრიტიკული ინფრასტრუქტურების კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე კიბერთავდაცვის სფეროში ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების საშუალებები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ყოველივე ეს ხელს უწყობს როგორც საქართველოს, ისე რეგიონის ქვეყნების კიბერუსაფრთხოების დონის ზრდას და ქმნის შესაძლებლობას, რომ თითოეული მოქალაქე უკეთ იყოს დაცული სხვადასხვა კიბერსაფრთხისგან.

მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრაზე ასევე გადაწყდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთვის ახალი პროექტის ინიცირებისა და მხარდაჭერის საკითხი, რომელიც ამ უკანასკნელს შესაძლებლობას მისცემს NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS) ფარგლებში განახორციელოს სწავლებისა და კვლევების სპეციალური პროგრამები.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 15-მდე წარმომადგენელს - NATO-ს წევრი ქვეყნების კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს, რეგიონის ქვეყნების დარგის სპეციალისტებსა და საქართველოში კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე უწყებების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს მიმდინარე წლის ივნისში, ასევე მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და NATO-ს ორგანიზებით თბილისში გამართული მასშტაბური სამუშაო შეხვედრის გაგრძელებას.

„აღნიშნული შეხვედრები NATO-ს წევრ ქვეყნებთან ჩვენი ეფექტიანი მუშაობის შედეგია. მაგალითად, წლების განმავლობაში მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლები NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში წარმატებით ატარებდნენ ტრენინგებს სხვადასხვა ქვეყნის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის, გვქონდა აქტიური თანამშრომლობა კიბერინციდენტების ერთობლივად განეიტრალების მიმართულებითაც. ყოველივე ამის შედეგად, დღეს ჩვენ თანამშრომლობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავედით. მსგავსი სახის შეხვედრების ჩვენს ქვეყანაში ორგანიზება ნიშნავს, რომ საქართველო ხდება რეგიონული ცენტრი კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.