მონაცემთა გაცვლის სააგენტო NATO-სთან თანამშრომლობით კიბერუსაფრთხოების რეგიონულ ვორქშოპს მართავს
30 ივნისი, 2015

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის საგენტო NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS) ფარგლებში სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ პირველ რეგიონულ ვორქშოპს მართავს, რომელიც კიბერუსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაუმჯობესებული საშუალებების იდენტიფიცირებასა და სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში რეგიონული კიბერთავდაცვის უზრუნველყოფას ეძღვნება.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მონაცემთა გაცვლის საგენტოს ინიციატივითა და NATO-ს ეგიდით გამართული ვორქშოპის მნიშვნელობას რეგიონში კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მისაღწევად.

საქართველოს მთავრობის მხრიდან ღონისძიების ინიციატორმა და ორგანიზატორმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად თავი მოუყარა 18 ქვეყნის 50-ზე მეტ წარმომადგენელს. ვორქშოპს ესწრებიან NATO-ს წევრი ქვეყნების კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოში კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ყველა უწყების წარმომადგენლები, რომლებიც განიხილავენ რეგიონში კიბერთავდაცვის სფეროში ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების საშუალებებს, კიბერინციდენტების, მავნე პროგრამებისა და კიბერსაფრთხეების განეიტრალების თანამედროვე მეთოდებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში
NATO-ს მონაწილეობით იმართება ასეთი მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა, როემლიც მთლიანად კიბერუსაფრთხოების საკითხებს ეხება. ეს NATO-ს წევრ ქვეყნებთან ჩვენი წარმატებული მუშაობის შედეგია. მაგალითად, წლების განმავლობაში მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლები NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში წარმატებით ატარებდნენ ტრენინგებს სხვადასხვა ქვეყნის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის, გვქონდა აქტიური თანამშრომლობა კიბერინციდენტების ერთობლივად განეიტრალების მიმართულებითაც. ყოველივე ამის შედეგად, დღეს ჩვენ თანამშრომლობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავედით, როდესაც NATO-ს ეგიდით თბილისში თავი მოვუყარეთ დარგის ცნობილ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რაც საშუალებას გვაძლევს გამოცდილება და ცოდნა გავუზიაროთ ერთმანეთს, ხოლო საქართველო, როგორც კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონული ცენტრი, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს“, - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

ღონისძიების ორგნიზებაში, რომელიც დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება, ასევე ჩართულია კომპანია „ინტელიუმი“ - გლობალური საკონსულტაციო ფირმა, რომლის საქმიანობის სფეროა დაეხმაროს საჯარო და კერძო ორგანიზაციებს სწორად შეიმუშაონ და განავითარონ კიბერუსაფრთხოების სტრატეგიები.