CERT.GOV.GE ჯგუფ „13 ივნისი მოხალისეთა საზოგადოების“ „ფეისბუქის“ გვერდების ადმინისტრატორებს კონსულტაციებს უწევს
18 ივნისი, 2015


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE აქტიურად ჩაერთო ჯგუფ "13 ივნისი მოხალისეთა საზოგადოების" „ფეისბუქის“ გვერდების დაბლოკვის საკითხთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის მონიტორინგში და შესაბამისი გვერდების ადმინისტრატორებს კონსულტაციებს უწევს.

CERT.GOV.GE ჯგუფი დაუკავშირდა საერთაშორისო ორგანიზაცია “FIRST“-ს, რომელიც წარმოადგენს კიბერინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების ჯგუფების ფორუმს. მათი დახმარებით შესაძლებელი გახდა „ფეისბუქის“ შესაბამის სტრუქტურებთან დამაკავშირებელი არხების მოძიება და დაბლოკილი გვერდების ადმინისტრატორებს მიეცათ რეკომენდაცია თუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა მიაწოდონ „ფეისბუქს“ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„ასეთ შემთხვევებში „ფეისბუქის“ ადმინისტრაცია არ იძლევა ინფორმაციას თუ რა გახდა ამა თუ იმ გვერდის დაბლოკვის მიზეზი. ამისათვის საჭიროა იმ სამთავრობო უწყების ოფიციალური მიმართვა, რომელსაც საგამოძიებო პროცედურების ჩატარების უფლებამოსილება აქვს. რაც შეეხება CERT.GOV.GE-ს, ჩვენ მყისიერად დავუკავშირდით საერთაშორისო პარტნიორებს, ჩავაყენეთ საქმის კურსში და დაბლოკილი გვერდების ადმინისტრატორებს მივაწოდეთ ინფორმაცია თუ რა ტიპის კომუნიკაცია უნდა დაამყარონ სოციალური ქსელის ადმინისტრაციასთან, რათა მოხდეს აღნიშნული გვერდების აღდგენა“, - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

ჯგუფ "13 ივნისი მოხალისეთა საზოგადოების" „ფეისბუქის“ გვერდები სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ დაბლოკა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, აღნიშნული გვერდების ე.წ. ''''დარეპორტებაა", რაც გულისხმობს სოციალური ქსელის ადმინისტრაციისთვის ინფორმაციის მიწოდებას ყალბი გვერდის არსებობის შესახებ, რომელიც ცრუ და მავნე ინფორმაციას ავრცელებს.