ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ვორქშოპი გამართა
04 ივნისი, 2015

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენციის მეორე დღე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ვორქშოპით გაიხსნა, რომელზეც სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი გვენეტაძემ პრეზენტაცია გააკეთა მომავლის ელექტრონულ სერვისებზე და ისაუბრა მათი გამოყენების შედეგად მიღებულ შესაძლო სარგებელზე, რომელსაც მიიღებს როგორც სახელმწიფო, ისე მოქალაქე.

პრეზენტაციის შემდეგ სამუშაო ჯგუფებად დაყოფილმა აუდიტორიამ საკუთარი ხედვა წარმოადგინა თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა აპლიკაციებისა და პლატფორმების შექმნასთან დაკავშირებით, რომელთა მოხმარებაც გაზრდის მოქალაქეების ჩართულობას საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესში, გააადვილებს სახელმწიფო სტრუქტრებისგან ელექტრონული სერვისების მიღებას და ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის განვითარებას.

„სამუშაო სესიაზე ჯგუფებად დაყოფილ აუდიტორიას ვთხოვეთ წარმოედგინათ საკუთარი კონცეფცია ისეთ სერვისებთან დაკავშირებით, რომლებსაც სამომავლოდ პრაქტიკული გამოყენება ექნებოდათ და სარგებელს მოუტანდნენ როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეებს და, რაც მთავარია, ეს სერვისები დაფუძნებული იქნებოდა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. თითოეულმა ჯგუფმა საინტერესო იდეები ჩამოაყალიბა, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლბელობას, რომ სამუშაო სესიამ წარმატებულად ჩაიარა“, - აღნიშნა ირაკლი გვენეტაძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ.

ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონული კონფერენცია 3 ივნისს გაიხსნა და დღეს დასრულდება. ევროპის რეგიონული კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველომ ღია მმართველობის კუთხით მიღწეული წარმატების გამო მოიპოვა.