უზბეკეთის დელეგაცია მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ესტუმრა
19 მაისი, 2015

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს უზბეკეთის დელეგაცია ესტუმრა. სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს დეტალურად გააცნეს საქართველოში ელექტრონული მმართველობის, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის, ელექტრონული სერვისებისა და ღია მმართველობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები, ასევე გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც სააგენტოს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებებით დაუგროვდა.

ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის დელეგაციის წევრები ეწვევიან თბილისის იუსტიციის სახლს, ასევე გამართავენ შეხვედრებს იმ უწყებებში, რომლებიც ელექტრონული მმართველობისა და ელ-სერვისების განვითარების მიმართულებით მუშაობენ.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი სააგენტოს გამოცდილების გაზიარებით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ინტერესდებიან. დღეს ჩვენს უზბეკელ კოლეგებს გავაცანით სააგენტოს მუშაობის სფეციფიკა და ყველა ის პროექტი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული სერვისების განვითარებასთან“, - განაცხადა ირაკლი გვენეტაძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ.

უზბეკელი კოლეგები ასევე გაეცნენ საქართველოში კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განვითარების ტენდენციებს და ელექტრონული სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების ონლაინ პლატფორმას - მოქალაქის პორტალს (MY.GOV.GE).