ყვარელში კიბერუსაფრთხოების ფორუმის მორიგი შეხვედრა გაიმართა
09 მარტი, 2015



საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში კიბერუსაფრთხოების ფორუმის გასვლითი შეხვედრა გაიმართა.

კიბერუსაფრთხოების ფორუმი, რომელიც საზოგადოებრივ საწყისებზე აერთიანებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, თანამშრომლობის კარგი მაგალითია ქვეყნის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი დონის მისაღწევად. ფორუმის მიზანია დროის გარკვეულ პერიოდებში დაგროვილი საკითხები აზრთა ურთერთგაცვლის რეჟიმში იქნეს განხილული.

ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს კიბერსამართლის, კიბერსივრცეში საფრთხეების იდენტიფიცირებისა და კიბერთავდაცვის ორგანიზების შესახებ და განიხილეს ამ მიმართულებით საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ფორუმის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის CERT.GOV.GE-ს მიზნების, ამოცანებისა და მიმდინარე და განხორციელებულ პროექტების შესახებ.

კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფორუმის ორგანიზაციულ სტრუქტურად გარდაქმნის საკითხს, რაც სამომავლოდ გაზრდის მის მანდატს.

„დღევანდელი გასვლითი შეხვედრის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებსა და კოლეგებს, ფორუმის მონაწილეებს მივაწოდეთ ინფორმაცია მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით გაწეული სამუშაოების შესახებ. დეტალურად გავაცანით როგორც ზოგადი მიმართულებები, ისე კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვადასხვა ინსტრუმენტები და ვიმსჯელეთ ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე“, - ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

კიბერუსაფრთხოებს ფორუმის შეკრებას ტრადიციული ხასიათი აქვს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების სამოქმედო გეგმის შემუშავებას.