GITI 2011
17 ნოემბერი, 2011

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ რიგით მე-4 ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია (გამოფენა, დაჯილდოება) დასრულდა, რომლის მთავარი თემაა კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები იყო.

წლევანდელი კონფერენცია რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს მასპინძლობდა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელმა გაიარა, რომლებმაც განიხილეს კიბერ უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხები, წარმოადგინეს წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციური IT პროექტები და გაეცნენ აღნიშნული მიმართულებით ამა თუ იმ ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს.

კონფერენციაზე საქართველოს მხრიდან სხვა საკითხთა შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრონული ID ბარათებისა (eID) და Smart City-ის პროექტებს. პირველი მათგანი ქვეყანაში ელექტრონული პირადობის მოწმობების დანერგვასა და მათი უპირატესობების შემდგომი გამოყენების პერსპექტივებს ეხება, მერე კი ურბანული განვითარების პრინციპების ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე (ICTs) დამყარებას.

„მინდა აღვნიშნო, რომ კერძო სექტორის მხრიდან წელს კიდევ უფრო გაიზარდა კონფერენციისადმი ინტერესი. ამ ღონისძიების დაფინანსების ერთადერთი წყაროც სწორედ კერძო სექტორია. ეს კი ნიშნავს, რომ საჯარო სექტორთან ერთად კერძო სექტორის წარმომადგენლებიც დაინტერესებულნი არიან თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებით და მზად არიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელონ ამ მიმართულებით.“ - აღნიშნავს გიგა შუბითიძე, ICT ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი.

კონფერენციის მე-3 სამუშაო დღე მთლიანად დაეთმო კიბერ უსაფრთხოების საკითხებს. საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანდრო ბარნოვმა, საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ და სხვებმა.

„ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება წარმოუდგენელია ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებების განვითარების გარეშე. დღეისათვის საქართველო ელექტრონული მმართველობის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადის. სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ იქმნება ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არაერთი მომსახურება და ამით მარტივდება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა. ეს პროცესი კი მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან. ამდენად, კონერენციას ამ მხრივად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამასთანავე, როგორც ელექტრონული მმართელობის, ისე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა.“ - ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

კონფერენცია ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. წლის განმავლობაში შექმნილიო საუკეთესო ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტებისთვის დაწესებული 15 ნომინაციიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში შესული სამოქალაქო და საჯარო რეესტრების სააგენტოები 6 ნომინციაში გამარჯვებულებად დასახელდნენ.

გრან-პრის მფლობელი გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ელექტრონული ID ბარათების პროექტისთვის. სხვა ნომინაცეიებში ასევე დაჯილდოვდნენ - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საუკეთესო IT გადაწყვეტილებებისთვის, რომელთა მეშვეობით გამარტივდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის დისტანციური ურთიერთობა. ამავე სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დაჯილდოვდა საუკეთესო IT გადაწყვეტილებისთვის და ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმის დანერგვისთვის. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი გაიმარჯვა საუკეთესო ინფორმაციული ტექნოლოგიის სისტემების კომპლექსური განვითარებისთვის.

გასულ წელებში ანალოგიურ კონკურსში არაერთი გამარჯვებული გამოვლინდა: 2010 და 2008 წლებში გრან-პრის მფლობელი გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 2009 წელს კი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

GITI 2011 მხარდამჭერები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, თბილისის მერია, NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა საქართველოში.

სპონსორები: Huawei, HP, Microsoft, Oracle, Orient Logic, EMC, Intel, Esabi, UGT. მედია მხარდამჭერი: ნავიგატორი, investor.ge