მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა ნატოს პროგრამის ფარგლებში ტრენინგების მორიგი ციკლი ჩაატარეს
13 თებერვალი, 2015

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან (NATO). ამ ორგანიზაციის პროგრამის - მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - ფარგლებში გამართულ ტრენინგებში მიწვეული ექსპეტრებისა და ტრენერების სტატუსით სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენლები 2012 წლიდან მონაწილეობენ.

ინფორმაციული უსაფრთხოების შესავალი, კიბერთავდაცვის მექანიზმები, ვებგვერდებისა და პორტალების უსაფრთხოება, ქსელის მონიტორინგი და დაცვა, კრიპტოგრაფია, კიბერინციდენტების აღმოჩენა, რეგისტრაცია, ანალიზი და პრევენციის ზომები - ეს ის საკითხებია, რომლებშიც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლები შესაბამის მაღალ კვალიფიკაციას ფლობენ და ცოდნასა და გამოცდილებას ნატოს პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს უზიარებენ.

სააგნეტოს წამომადგენლებმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (METU) ინფორმატიკის ინსტიტუტში უკვე ჩაატარეს 5 ტრენინგი ავღანელი, მაკედონელი, მონტენეგროელი, მოლდოველი და აზერბაიჯანელი სისტემური და ქსელის ადმინისტრატორებისთვის.

2015 წლის 2-13 თებერვალს სააგენტოს წარმომადგენლები კვლავ მიიწვიეს ტრენინგების ჩასატარებლად. ამჯერად სწავლება შესაბამისი პროფილის უკრაინელ სპეციალისტებს ჩაუტარდათ, სასწავლო კურსის თემა კი, ინფორმაციული უსაფრთხოების გარდა, კიბერუსაფრთხოების საკითხებსაც მოიცავდა.

„21-ე საუკუნეში კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ეს გამოწვევა დგას პრაქტიკულად ნებისმიერი ქვეყნის წინაშე. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება. ჩვენს ორგანიზაციაში არსებული სტრუქტურა CERT.GOV.GE წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე მთავარ ორგანოს. შესაბამისად, ჩვენს პერსონალს აქვს ის კვალიფიკაცია, ცოდნა, გამოცდილება და საერთაშორისო აღიარება, რომელიც საჭიროა თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად.“ - ირაკლი ლომიძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პერმანენტული მონაწილეობა ნატოს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში განპირობებულია საქართველოს, როგორც კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებებში წარმატების მქონე ქვეყნის რეპუტაციით.