ყირგიზეთის დელეგაციის წევრებმა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს გამოცდილება გაიზიარეს
19 დეკემბერი, 2014

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ყირგიზეთის სამთავრობო სარეგისტრაციო სამსახურისა და სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სააგენტოს თანამშრომლებმა ყირგიზ კოლეგებს დეტალურად გააცნეს საქართველოში ელექტრონული მმართველობის, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის, ელექტრონულის სერვისებისა და ღია მმართველობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები, ასევე გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც სააგენტოს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებებით დაუგროვდა.

ვიზიტის ფარგლებში ყირგიზი სტუმრები ასევე ეწვივნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი სააგენტოს გამოცდილების გაზიარებით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ინტერესდებიან. დღეს ჩვენს ყირგიზ კოლეგებს გავაცანით სააგენტოს მუშაობის სფეციფიკა და ყველა ის პროექტი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული სერვისების განვითარებასთან. აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი გაგრძელებაა იმ წარმატებული შეხვედრებისა, რომლებიც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა ყირგიზეთში ღია მმართველობისა და კიბერსივრცეში ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციების დროს გამართეს.“ - განაცხადა ნატო გოდერძიშვილმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსმა.

ყირგიზი კოლეგები ასევე გაეცნენ საქართველოში კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განვითარების ტენდენციებს და ელექტრონული სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების ონლაინ პლატფორმას - მოქალაქის პორტალს (MY.GOV.GE).