საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VII რეგიონული კონფერენცია - GITI 2014
07 ნოემბერი, 2014

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით 6-7 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ რიგით VII ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია (გამოფენა, დაჯილდოება) გაიმართა, რომლის მთავარი თემას კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები წარმოადგენდა. კონფერენცია წლის საუკეთესო IT პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიალით 7 ნოემბერს დასრულდა.

ღონისძიება გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.

წლევანდელმა კონფერენციამ, რომლის დევიზია „პარტნიორობა კონკურენციის, ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოებისთვის“, რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს უასმპინძლა.  კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი.  მათ განიხილეს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხები, წარმოადგინეს წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ IT პროექტები და გაეცნენ აღნიშნული მიმართულებით ამა თუ იმ ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ელექტორნული მმართველობის განვითარების საკითხებს, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებს, ასევე ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.

„შვიდი წლის მანძილზე ყოველი მომდევნო კონფერენცია განვითარების ახალ საფეხურზე გადადიოდა.  დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართული ღონისძიება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში რეგიონული მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თავს უყრის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების წამყვან მოთამაშეებს, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.  მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციამ არსებობის 7 წლიანი ისტორიის მანძილზე შექმნა საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის უნიკალური მოდელი, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებისთვის ერთობლივი ძალისხმევით იწყებს მუშაობას.“ - აღნიშნავს გიგა შუბითიძე, ICT ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი.

კონფერენციის მე-2 სამუშაო დღე მთლიანად დაეთმო კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებს. კიბერუსაფრთხოების შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს ამ მიმართულების მსოფლიოში აღიარებულმა ექსპერტებმა.

„ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება წარმოუდგენელია ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებების განვითარების გარეშე.  დღეისათვის საქართველო ელექტრონული მმართველობის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადის.  სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ იქმნება  ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არაერთი მომსახურება და ამით მარტივდება და ფაქტობრივად ახალ ეტაპზე გადადის სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა.  ეს პროცესი კი  მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან.  ამდენად, კონფერენციას ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.  ამასთანავე, როგორც ელექტრონული მმართელობის, ისე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სააგენტო მისი დაარსებიდან მოყოლებული ამ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია.“ - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი გვენეტაძემ.

კონფერენცია ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.  წელს 15 ნომინაციაში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 50-მდე პროექტი იყო წარმოდგენილი.  კონფერენციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წლევანდელი ნომინანტებიდან არ დასახელდა გრან-პრის მფლობელი და ყველა წარმოდგენილ პროექტის ღირებულება უფრო მკაფიოდ იქნა წარმოჩენილი.

გასულ წელებში გრან-პრის მფლობელები გახდნენ:  2013 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.  2012 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.  2011 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (ამჟამად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო). 2010 და 2008 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო 2009 წელს - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

GITI 2014-ის ოქროს სპონსორები:  Microsoft-ი და HP-ი.  ვერცხლის სპონსორები კი Cisco, Orient Logic-ი, მაგთიკომი და UGT.