კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფების ფორუმმა (FIRST) საერთაშორისო სიმპოზიუმი გამართა
14 ოქტომბერი, 2014

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 14-16 ოქტომბერს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფების ფორუმის (FIRST) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მოქმედი კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის CERT.GOV.GE-ს მხარდაჭერით გაიმართა.

სიმპოზიუმის მიზანია მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა თანამედროვე სამყაროში კიბერგამოწვევბთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. სიმპოზიუმის პირველი დღე დაეთმობა პლენარულ სესიებს, რომლის დროსაც როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ექსპერტების მიერ გაკეთდება პრეზენტაციები, ხოლო მომდევნო 2 დღე კი ტრენინგებს დაეთმობა.

„მნიშვნელოვანია, რომ ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიც არის FIRST-ი, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში პირველად გამართოს საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც მთლიანად ეძღვნება ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო და მის დაგვქმდებარებაში მოქმედი კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE აქტიურად ჩაერთო აღნიშნული სიმპოზიუმის ორგანიზების საკითხებში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოში აღნიშნული მიმართულებით წარმოებული სამუშაოების კიდევ უფრო გააქტიურებას.“ - აღნიშნა ირაკლი გვენეტაძემ, საქართელოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ.

FIRST-ი 1989 წელს დაარსდა და მას ფორუმის ფორმატი აქვს, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ კომპიუტერულ ინციტენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფებს. საქართველოსდან ფორუმის სრულუფლებიანი წევრია მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE. ფორუმის მიზანია წევრებს შორის შექმნას ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების ხელსაყრელი პლატფორმა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფორმაციულ და კიბერინციდენტებზე ეფექტიანად რეაგირების უზრუნველყოფისთვის.