იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ ალბანეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა
05 აგვისტო, 2014


იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, რომელიც ალბანეთში თეა წულუკიანის დავალებით იმყოფება, დღეს სამუშაო შეხვედები გამართა. პირველი სამუშაო შეხვედრა იუსტიციის სახლის რეფორმაზე მომუშავე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შვიდკაციან შემადგენლობასთან გაიმართა.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ალბანელ კოლეგებს წარუდგინეს პრეზენტაციები უძრავი ქონებისა და კომპანიების რეგისტრაციის, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ. საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იუსტიციის სახლის კონცეფცია იყო.

დელეგაციისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ მასპინძლებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა რეფორმები სხვადასხვა სერვისის გაუმჯობესების მიზნით. აქვე აღინიშნა, რომ ეს პროცესი დასრულდა იუსტიციის სახლის კონცეფციის შემუშავებით და შემდგომ მისი განხორციელებით. ალბანელ კოლეგებს განემარტათ, რომ იუსტიციის სახლის მთავარი იდეაა გამარტივებული და სწრაფი მომსახურების მიწოდება მოსახლეობისთვის და რომ ამისათვის საჭიროა სამსაფეხურიანი რეფორმის გატარება ინსტიტუციური, სამართლებრივი და ტექნოლოგიური მიმართულებით.

აქვე საუბარი შეეხო უძრავი ქონების რეგისტრაციას. ყურადღება გამახვილდა მიწის პირველად რეგისტრაციებზე, რაც უფლების დამადასტურებელი და საკადასტრო მონაცემების საფუძველზე მიმდინარეობს.

ალბანეთის მხარემ დააფიქსირა პოლიტიკური მზადყოფნა აღნიშნული რეფორმის განსახორციელებლად.

ალბანეთში იუსტიციის სახლის მოდელის დაარსების ერთ-ერთი მიზანი არსებული მოუქნელი და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და სერვისების მიწოდების სტანდარტიზაციაა, რაც გულისხმობს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას.

ქართული დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ადგილზე გაეცნო, თუ როგორ მუშაობს ლიცენზირების ეროვნული ცენტრი, ასევე, რეგისტრაციის ეროვნული ცენტრის „front“ ოფისი. გაკეთდა პრეზენტაციები ალბანეთის სამოქალაქო რეესტრის საქმიანობის შესახებ.

დღის ბოლოს შედგა შეხვედრა ალბანეთის ინოვაციებისა და საზოგადოებრივი ადმინისტრირების მინისტრთან, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდა ურთიერთთანამშრომლობის მზადყოფნა და ინტერესი დასახულ პროექტთან დაკავშირებით.

ალბანეთსა და საქართველოს სამთავრობო უწყებებს შორის რეფორმების გაცვლის სფეროში თანამშრომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ალბანეთის ინოვაციებისა და საზოგადოებრივი ადმინისტრირების სამინისტროებს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით დაიწყო.

ურთიერთგაგების მემორანდუმი ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით ითვალისწინებს, მათ შორის, იუსტიციის სახლების ექსპორტს ალბანეთში. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების ერთ სივრცეში ორგანიზების ქართული მოდელის სხვა ქვეყნებში დანერგვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რისთვისაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ალბანეთის ინოვაციებისა და საზოგადოებრივი ადმინისტრირების მინისტრმა მილენა ჰარიტომ ალბანელი მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს მიმდინარე წლის აპრილში მოაწერეს ხელი.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ალბანეთში იუსტიციის სახლის ექსპორტსა და ელექტრონული მმართველობის პლატფორმის შექმნაზე მუშაობს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დავალებით, სამინისტროს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იოსებ ბაღათურია, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმღვანელი ირაკლი გვენეტაძე, თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერი შიო ხეცურიანი, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ვლადიმერ გურგენიძე არიან, ალბანეთში ორი დღის წინ გაემგზავრა. ვიზიტის ძირითად მიზანს იუსტიციის სახლის კონცეფციის რეალიზება და მონაცემთა გაცვლის პლატფორმის შექმნისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენს.