აზერბაიჯანის სამთავრობო CERT-ის წარმომადგენლებმა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს გამოცდილება გაიზიარეს
17 ივლისი, 2014

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს აზერბაიჯანის სამთავრობო CERT-ის (კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი) წარმომადგენლები ესტუმრნენ. სააგენტოს თანამშრომლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს დეტალურად გააცნეს ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტები, ასევე გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ CERT.GOV.GE-ს ჯგუფს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში დაუგროვდა.

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელი სტუმრები ასევე შეხვდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ბურჭულაძეს.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი სააგენტოს გამოცდილების გაზიარებით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ინტერესდებიან. დღეს ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს გავაცანით ის მეთოდები და საშუალებები, როელთა გამოყენებითაც ვახდენთ ინფორმაციულ და კიბერ ინციდენტებზე რეაგირებას და ვანხორციელებთ ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის სტანდარტების შექმნასა და დანერგვას.“ - განაცხადა ირაკლი გვენეტაძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ.

აზერბაიჯანელი კოლეგები ასევე გაეცნენ საქართველოში ელ-მმართველობის განვითარების ტენდენციებს, ელექტორნული სერვისების მუშაობის სპეციფიკასა და ამავე სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების პლატფორმას - მოქალაქის პორტალ MY.GOV.GE-ს.