გაეროს ელ-მმართველობის კვლევა 2014: საქართველოს მორიგი წინსვლა რეიტინგში
02 ივლისი, 2014

 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2014 წლის ელ-მმართველობის კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქართველომ ელ-მმართველობის განვითარების ინდექსი 16 ერთეულით გაიუმჯობესა და 193 ქვეყანას შორის 72-ე ადგილიდან 56-ე ადგილზე გადაინაცვლა. აღნიშნული მონაცემი მიუთითებს, რომ გაეროს ელ-მმართველობის ინდექსში, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის.


ამა თუ იმ ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარების საერთო დონის შეფასებისას საქართველო 2010 წლის მონაცემებთან შედარებით 2012 წელს 28 საფეხურით დაწინაურდა და 190 ქვეყანას შორის მე-100 საფეხურიდან 72-ე ადგილზე გადაინაცვლა, წელს კი 56-ე ადგილი დაიკავა. ამ მაჩვენებლით საქართველო უკვე არის რეგიონის ლიდერი და უსწრებს თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინას და სხვა.

„ნიშანდობლივია, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც ელ-მმართველობის მაღალი ინდექსი აქვთ, სოლიდურ რესურსებს ხარჯავენ ამ მიმართულებით, საქართველოს კი ამ მხრივ გაცილებით მწირი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ნაჩვენები შედეგი შთამბეჭდავია, რაც იმ ფართომასშტაბიანი სამუშაოს შედეგია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ხოლო ამ მიმართულებით ლიდერი ორგანიზაციები არიან იუსტიციის, ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. ელექტრონული მმართველობის პრიორიტეტულობის მაჩვენებელია ისიც, რომ საქართველოში მოქმედებს ელ-მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ხოლო მოადგილე კი იუსტიციის მინისტრია. აღნიშნული წარამეტბა კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს, რომ საქართველო ელ-მმართველობის განვითარების თვალსაზრისით სწორ გზაზე დგას და ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებასაც უზრუნველყოფს.“ - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბურჭულაძემ.


აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციის პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პლატფორმების გამოყენების მხრივ. ა
ღნიშნულ სეგმენტში, 2014 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო 17 საფეხურით დაწინაურდა და 66-ე პოზიციიდან 49-ე ადგილზე გადაინაცვლა.


„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელ-მმართველობის ინდექსი ყველაზე სანდო და აღიარებული საშუალებაა იმის განსასაზღვრად თუ რომელ ქვეყნებს აქვთ პროგრესი ამ მიმართულებით. აღნიშნული კვლევა 2003 წლიდან ხორციელდება. მაშინ საქართველო 179 ქვეყანას შორის 153-ე ადგილზე იმყოფებოდა. 2010 წელს საქართველოს რეიტინგი მე-100 ადგილით განისაზღვრა. ამავე წელს დაიწყო ფუნქციონირება საქართელოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ, რომელიც ქვეყანაში ელ-მმართველობის განვითარებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანოა. დღეს უკვე ინდექსში 193 სახელმწიფო მონაწილეობს და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2010 წლიდან 2014 წლამდე საქართველო 44 საფეხურით დაწინაურდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.“ - განაცხადა ირაკლი გვენეტაძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელქტრონული მმართველობის მსოფლიო ინდექსის მიზანია გაზომოს კონკრეტული ქვეყნის წარმატება ელექტრონული მთავრობის ინსტიტუციონალურ მოწყობაში, პოლიტიკის განსაზღვრასა და შესაბამისი ინფრაქსტრუქტურის მშენებლობაში. 2014 წლის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას არაურბანულ, დაშორებულ რეგიონებში. განსაკუთრებით აღინიშნა ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა მობილური სერვისები, თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სამთავრობო და კერძო ინსტიტუტების მომსახურების ხელმისაწვდომობა და სხვა მსგავსი ინოვაციები.


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლევას სამი ძირითადი მიმართულებით აწარმოებს: ონლაინ სერვისების სპექტრი და ხარისხი, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მდგომარეობა და ადამიანური რესურსების ჩართულობის ხარისხი.

კვლევაში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ელექტრონული საიდენტიფიკაციო საშუალებების (eID) დანერგვას. აქ საქრთველო მოხსენიებულია კანადასთან, ფინეთთან, იაპონიასთან, ახალ ზელანდიასთან და სინგაპურთან ერთად.

საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების სიაშიც, სადაც მაღალია სახელმწიფო ორაგიზაციების ვებგვერდების სოციალურ ქსელებთან ინტეგრირების ხარისხი.


ელ-მმართველობის განვითარების ინდექსის მიხედვით პირველ სამეულში არიან სამხრეთ კორეა, ავსტრალია და სინგაპური, ხოლო ევროპის მასშტაბით ლიდერი ქვეყანა კი საფრანგეთია.