მონაცემთა გაცვლის სააგენტო 5 შერჩეულ ვებგვერდს შეღწევადობის უფასო ტესტს ჩაუტარებს
12 ივნისი, 2014


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE აწყობს აქციას, რომლის ფარგლებშიც შერიჩევა 5 ვებგვერდი და ჩატარდება შეღწევადობის უფასო ტესტირება.

აქციის ფარგლებში კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის წევრები უსაფრთხოების სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით მოახდენენ შერჩეული ვებგვერდების სკანირებას და მოამზადებენ ანგარიშს, რომელშიც აღწერილი იქნება ვებგვერდზე აღმოჩენილი უსაფრთხოების სისუსტეები და მათი მოგვარებისთვის გაცემული რეკომენდაციები.

აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, რომლებიც ფლობენ ვებგვერდს და სურვუილი აქვთ გაეცნონ საკუთარ ვებგვერდებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას.

იმისათვის, რომ ვებგვერდმა დააკმაყოფილოს აქციის პირობები, მისმა მფლობელმა პიროვნებამ ან ორგანიზაციამ კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს უნდა მიმართოს წერილით, რომელშიც დეტალური დასაბუთების თანხლებით აღწერილი იქნება ვებგვერდის დანიშნულება და მომხმარებლისთვის მისი მნიშვნელობა. წერილი უნდა გამოიგზავნის მიმდინარე წლის 11 ივლისამდე, შემდეგ მისამართზე:
cert@dea.gov.ge

აქციაში მონაწილეობა არ შეუძლიათ ისეთ ვებგვერდებს, რომლებზეც განთავსებულია 18+ და სხვა არალეგალური კონტენტი.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა (იხ. ბმული:  
http://www.dea.gov.ge/uploads/Application%20Form.docx) და გამოგზავნოთ ზემოაღნიშნულ მისამართზე.