მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი (CERT.GOV.GE) მსოფლიოს ავტორიზებული „CERT“-ების ჩამონათვალში შევიდა
05 ივნისი, 2014

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე. სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი (CERT.GOV.GE) ოფიციალურად შევიდა იმ უწყებების ჩამონათვალში, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზზე მსგავსი სახელწოდებით ფუნქციონირების უფლება აქვთ მინიჭებული.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კარნეგი-მელონის უნივერსიტეტმა დაუდასტურა, რომელიც “CERT”-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის მფლობელია.

„საქართველოს სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი უკვე შესულია “CERT”-ების იმ ჩამონათვალში, რომელიც კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მიერ ოფიციალურად არის აღიარებული. ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა, რამდენადაც კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი ამ სიაში თავს უყრის შესაბამისი პროფილის მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სხვადასხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნა და აკმაყოფილებენ საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ ნორმებს“. - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი გვენეტაძემ.

CERT.GOV.GE ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე მთავარ ორგანოს წარმოადგენს.