მონაცემთა გაცვლის სააგენტო ინფორმაციულ უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს
26 სექტემბერი, 2011
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მონაცემთა გაცვლის სააგენტო, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა ინფორმაციული უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობა, მოსახლეობაში ამავე თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კამპანიის პირველ ეტაპს იწყებს.

კამპანიის მიზანია ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახადოს პოპულარული ენით გადმოცემული სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი ნორმების გამოყენებას, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან არიდებისა და პერსონალური თუ სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის დაცვის საშუალებებს.

„ინფორმაციული უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თუ რამდენად გათვითცნობიერებულია თითოეული ადამიანი, რომელსაც ყოველდღიურად უწევს სახლსა თუ ოფისში კომპიუტერთან მუშაობა, ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის, ერთი შეხედვით, მარტივ პროცედურებში. ინფორმაციული უსაფრთხოების დაცულობის მაღალი დონის მისაღწევად პირველი აუცილებელი პირობაა საკმარისი ინფორმაციის ქონა თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამა თუ იმ მოქმედებამ - იქნება ეს პირადი მონაცემების დაკარგვა თუ შესაბამისი მოწყობილობის დაზიანება. მონაცემთა გაცვლის სააგნეტოს მიზანია სხვადასხვა საშუალებებით რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვაწოდოთ საზოგადოებას იმ ძირითადი ნორმების შესახებ, რომელთა დაცვაც აარიდებს მათ არაერთ პრობლემას და ზოგადად ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების დონის ამაღლებას.“ - ირაკლი ლომიძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.

კამპანიის პირველ ეტაპზე მონაცემთა გაცვლის სააგენტო ვებგვერდზე http://www.dea.gov.ge/ პერიოდულად გამოაქვეყნებს სხვადასხვა სასარგებლო სტატიებს ისეთ პოპულარულ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა პირადი ელექტრონული ფოსტა და უსაფრთხოება, უკაბელო ინტერნეტის უსაფრთხოება, სისტემური ვურუსები და სხვა. სამომავლო დაგეგმილია კამპანიის გაფართოება სხვადასხვა საინტერესო ინიციატივების მეშვეობით.