ერთიანი სავაჭრო ქსელი ტესტირების ბოლო ფაზას გადის
24 აპრილი, 2014
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ხორციელდება ერთიანი სავაჭრო ქსელის პროექტი. ერთიანი სავაჭრო ქსელი(TFS)არის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ჩართულ რგოლებს შორის ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად გაცვლის სისტემა, რომელიც ამცირებსხარჯებს და დროს, რაც ვაჭრობისა და გადაზიდვისათვის სავალდებულო დოკუმეტაციის მოსამზადებლად არის საჭირო. შესაბამისად მცირდება პროცედურების რაოდენობა და ჩქარდება ლოგისტიკისა და ტვირთის განბაჟების პროცესი.

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს პროცესში ჩართულ მხარეებს შორის საზღვაო გადაზიდვების საშუალებით კონტეინერების იმპორტ/ექსპორტის პროცესების თანმდევი ინფორმაციის ავტომატურად მიმოცვლას. ამჟამად სისტემის ტესტირების პროცესის ბოლო ეტაპი მომდინარეობს. სისტემაში ჩართული მხრეები არიან: შემოსავლების სამსახური, რკინიგზა, ფოთისა და ბათუმის პორტები, საზღვაო ხაზები, ტერმინალები, ექსპედიტორები.

ერთიან სავაჭრო ქსელში ჩართულ სუბიექტებს მოეხსნებათ საქმიანობასთან დაკავშირებული დღემდე არსებული შემაფერხებელი ბარიერები, გაუმარტივდებათ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებთან ურთერთობის კოორდინაცია და ისარგებლებენ ე.წ. ერთი ფანჯრის მომსახურების პრინციპით. ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინებას და კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს, როგორც ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის რეპუტაციას.

ერთიანი სავაჭრო ქსელი ყოველწლიურად ჩაანაცვლებს 1 მილიონ ქაღალდის დოკუმენტს. ვაჭრობისა და ლოგისტიკის სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის კი მოსალოდნელი წლიური დანაზოგი 4.5 მილიონი იქნება.

ერთიანი სავაჭრო ქსელი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთ წარმატებულ მაგალითს. ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბება ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, რომლის პროექტი „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ ინტენსიურადაა ჩართული აღნიშნულ პროცესში.