საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ქართულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
14 აპრილი, 2014

მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან გააფორმა, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელებმა სტუდენტებს აღნიშნული ორგანიზაციების მუშაობის სფეციფიკა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მიმდინარე პროექტები გააცნეს.

„საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი უაღრესად მნიშვნელოვანია, რომელიც სამართლის მიმართულების პროგრამების სტუდენტთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობას, სამეცნიერო-საგანმანათლებლო მეთოდური სიახლეების დანერგვასა და იურიდიული განათლების სფეროში კვლევითი და სამეცნიერო პროექტების ერთობლივ განხორციელებას შეუწყობს ხელს, თუმცა აღნიშნული მემორანდუმი სტუდენტებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებისს გაცნობასაც გულისხმობს. დღეს ჩვენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. გავაცანით მათ ელექტრონული მმართველობისა და ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების მნიშვნელობა. მიმოვიხილეთ ამ მიმართულებით ჩვენი სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები. ასევე საინტერესო პრეზენტაციები გააკეთეს სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა.“ - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.