მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს
08 აპრილი, 2014

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლებმა ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანის ფარგლებში ვ. კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. სააგენტოს წარმომადგენლების მიერ მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეტაპებისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ.

„ვინაიდან აღნიშნული სკოლა ტექნიკური პროფილისაა, მოსწავლეთა შორის ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ინტერესი განსაკუთრებით დიდია. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების შესახებ, ასევე გავაცანით ონლაინ უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხდებით კომპიუტერთან მუშაობისა თუ მობილური მოწყობილობების გამოყენებისას. ასევე გადავეცით შესაბამისი თემატური საილუსტრაციო მასალა.“ - ირაკლი ლომიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლებმა მოსწავლეებს ასევე გააცნეს ამავე სააგენტოს დაქვემდებარებაში მოქმედი კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის
(CERT.GOV.GE) ფუქნციები და მუშაობის სპეციფიკა.