უსაფრთხო ინტერნეტი - CERT.GOV.GE-ს ახალი მომსახურება
07 აპრილი, 2014

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინცდიდენტებზე რეაგირების ჯგუფი CERT.GOV.GE მომხმარებლებს ახალ მომსახურებას - უსაფრთხო ინტერნეტს სთავაზობს.

სააგენტოს თანამშრომლების მიერ აწყობილია უსაფრთხო DNS სერვერი, რომლის მოხმარების შემთხვევაშიც თქვენს ქსელში ავტომატურად იქნება დაბლოკილი ისეთი ვებგვერდები, რომლებიც კომპიუტერებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

საუბარია არასაბავშვო, დაინფიცირებულ და ე.წ. „ფიშინგ“ ვებგვერდებზე. აღნიშნული მომსახურების გააქტიურებისას მაქსიმალურად მცირდება რისკი, რომ მომხმარებლის კომპიუტერი დაინფიცირდეს. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე კერძო პირებისთვის. იმისათვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს ახალი მომსახურებით, ინტერნეტთან დაკავშირებისას საკმარისია მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ გაწერილი შემდეგი DNS მისამართების გამოყენება: 5.159.16.16 და 5.159.20.20

„დღეს საქართველოში ჩვენს ხელთ არსებული და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო რესურსების გამოყენებით დაფიქსირებულია 8 მილიონზე მეტი კომპიუტერული ვირუსი 150 ათასზე მეტ უნიკალურ IP მისამართზე. დავირუსების ყველაზე გავრცელებულ წყაროს წარმოადგენენ სპეციალურად დაინფიცირებული ვებგვერდები, რომელთა მეშვეობითაც ხდება აღნიშნული ვირუსების გავრცელება. ამ ვებგვერდებზე არსებული ვირუსების მეშვეობით შესაძლებელია როგორც დაუინფიცირებელი კომპიუტერების დაინფიცირება, ისე სხვადასხვა სახის არასაბავშვო ინფორმაციისა და ე.წ. „ფიშნგ“ საიტების გავრცელება, რომლებიც თავის მხრივ ასევე წარმოადგენენ ვირუსის წყაროს. იმისათვის, რომ ჩვენი კომპიუტერული სისტემები მაქსიმალურად დავიცვათ ამ ვირუსებისგან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სპეციალისტების მიერ აეწყო დაცული სერვერი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.“ - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.