საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
11 მარტი, 2014
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ელექტორნული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიის მიზანია ქვეყანაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემების მეშვეობით ელექტრონული მმართველობის განხორციელების საკითხების კოორდინირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კი საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. კომისიის შემადგენლობაში შედის ყველა სამინისტრო, რომელიც წარმოდგენილია მინისტრის მოადგილეებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისგან, ასევე საქართველოს პარლამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.

ელექტრონული მმართველობის განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული მიმართულებაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კოორდინირებით შეიქმნა მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა, რამაც შესაძლებელი გახადა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების საინფორმაციო სისტემების თავსებადობა და ამ უწყებებს შორის მონაცემთა ურთიერთგაცვლის მოქნილი პლატფორმის ამოქმედება. მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შექმნამ თავის მხრივ განაპირობა სხვადასხვა ელექტორნული მომსახურების ამოქმედება, რომელთა აქტიური გამოყენებაც კომფორტს უქმნის როგორც მოსახლეობას, ისე დიდი ფინასური დანაზოგი მოაქვს მთავრობისთვის.

ელ-მმართველობა საქართველოს კანონმდებლობით განმარტებულია, როგორც ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით საჯარო მმართველობის განხორციელების საშუალება. საქართველოში ამის წარმატებული მაგალითია მოქალაქის პორტალი
MY.GOV.GE, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების რეფორმა, საბაჟო და საგადასახადო სისტემების ოპტიმიზაცია, აგრეთვე ის ახალი მომსახურების სახეები, რომელებიც დაინერგა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

„დღეს თითქმის არ არსებობს რეფორმა, რომელიც საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელოვან კომპონენტს არ მოიაზრებდეს საკუთარ თავში. ასეთია დღევანდელი განვითარებული სამყაროს გამოწვევა, რომელსაც ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ფეხი უნდა ავუწყოთ. ელექტრონული მმართველობის განხორციელება წარმოუდგენელია თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების გარეშე. ამ სისტემების დანერგვას, გამოყენებასა და განვითარებას შესაბამისი პროფილის პროფესიონალი კადრი ესაჭიროება. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფი კომპიუტერიზაცია და ხარისხიანი ინტერნეტის გავრცელების არეალის გაფართოება, ცნობიერების ამაღელბისა და საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედება. სწორედ ამ საკითხების კოორდინაციისთვის შეიქმნა და სამომავლოდაც გააგრძელებს მუშაობას ელექტორნული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისია“ - ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.