CERT.gov.ge CERT-ების ევროპული გაერთაინების „Trusted Introducer“ წევრი გახდა
17 აგვისტო, 2011
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი (CERT.gov.ge) მიმდინარე წლის აგვისტოში CERT-ების ევროპული გაერთაინების „Trusted Introducer“-ის წევრი გახდა.

ამიერიდან Trusted Introducer-ის ვებ-გვერდზე https://www.trusted-introducer.org/index.html CERT.gov.ge ოფიციალურად რეგისტრირებულია ევროპული CERT-ების სიაში, რაც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის საერთაშორისო არენაზე აღიარების პირველ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

„მოხარულნი ვართ, რომ ისეთმა მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორიცაა Trusted Introducer მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის (CERT.gov.ge) საკუთარ რიგებში გაწევრიანების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. CERT.gov.ge სულ რამდენიმე თვეა, რაც ოფიციალურად ამოქმედდა და ჩვენ უკვე გვაქვს პირველი მნიშვნელოვანი წარმატება საერთაშიროსიო არენაზე. ეს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან აქტიური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. Trusted Introducer-ის წევრობა CERT.gov.ge-ს საშუალებას მისცემს კიბერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობა დაამყაროს ევროპული ქვეყნების ანალოგიურ უწყებებთან, ხოლო, თავის მხრივ, უცხოური CERT-ებისთვის საქართველოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი გახდება საკონტაქტო უწყება სხვადასხვა სახის კიბერ ინციდენტების აღმოჩენის, მათი ანალიზისა და პრევენციისათვის ერთობლივი ღონისძიებების გასატარებლად.“ - ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

CERT.gov.ge მომავალში გეგმავს Trusted Introducer-ის გაწევრიანების პარალელურად გახდეს აღნიშნული ორგანიზაციის აკრედიტირებული და სერტიფიცირებული წევრიც.