კომპანია HP-მ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მხარდაჭერით ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე სემინარი გამართა
24 იანვარი, 2014
კომპანია HP-ის ორგანიზებითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მხარდაჭერით სასტუმრო Radisson Blue Iveria-ში გაიმართა სემინარი თემაზე - „ინფორმაციული უსაფრთხოების მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში“.

სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ, რომელმაც ინფორმაციული უსაფრთხოების მნიშვნელობასა და თანამედროვე ცხოვრებაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლზე გაამახვილა ყურადღება.

სემინარს ესწრებოდნენ საჯარო და სატელეკომუნიკაციო სექტორის წარმომადგენლები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია HP და ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტი (BSI) თავის გამოცდილებას გვიზიარებენ ინფორმაციული უსაფრთხოების მნიშნელობასთან დაკავშირებით. მოხარული ვარ, რომ სემინარის მხარდამჭერია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარებაზე და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოს.“ - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

„21-ე საუკუნეში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია საზოგადოების სრულფასოვანი ცხოვრება. ნებისმიერი სფერო, იქნება ეს სამომხმარებლო ბაზარი, ფინანსური სექტორი, მრეწველობა, ტრანსპორტი თუ სახელმწიფო სტრუქტურა, მჭირდორ არის დაკავშირებული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ეს კი ნიშნავს რომ თითოეული მათგანი ფლობს ინფორმაციულ აქტივს, რომლელსაც კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია. შესაბამისად აუცილებელია გვქონდეს სათანადო ინფორმაცია თუ როგორ დავიცვათ ეს აქტივები და როგორ ვუზრუნველყოთ ინფორმაციული უსაფრთხოების მაღალი დონე“ - გიორგი სოფრომაძე, 
HP საქართველოს წარმომადგენელი.