მონაცემთა გაცვლის სააგენტომ განახლებული მოქალაქის პორტალის - MY.GOV.GE პრეზენტაცია გამართა
17 იანვარი, 2014
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“ მის მიერ შემუშავებული მოქალაქის პორტალის MY.GOV.GE განახლებული ვერსიის პრეზენტაცია გამართა.

სააგენტოს მიერ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მთლიანად შეიცვალა მოქალაქის პორტალის როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციონალური ნაწილი. დაემატა არაერთი ახალი ელექტრონული სერვისი. MY.GOV.GE-ის განახლებული დიზაინი დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი პოპლარული მიმართულების - „მეტრო სტილის“ პრინციპზეა აგებული, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სახლიდან თუ სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად, მარტივად და მოხერხებულად ისარგებლოს მისთვის სასურველი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქრურის ელექტრონული მომსახურებით. განახლებული მოქალაქის პორტალით სარგებლობა ასევე შესაძლებელია ტაბლეტებისა და სმარტფონების გამოყენებით.

განახლებული მოქალაქის პორტალის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელები, რომელთა სერვისებიც განთავსებულია პორტალზე, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ირგანიზციის წარმომადგენლები.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო აქტიურად მუშაობდა Microsoft-სა და HP-სთან ერთად მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში არსებული მონაცემების ურთიერთგაცვლის თანამედროვე მოდელის აგება. ამან შესაძლებელი გახადა შექმნილიყო ვებპორტალი - ერთ ონლაინ რესურსში თავმოყრილი სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მოძიებისა და გამოყენების შესაძლებლობა.

მოქალაქის პორტალით MY.GOV.GE სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც ახალი პირადობის მოწმობა, ისე მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის დარეგისტრირებაც ერთჯერადი პროცედურის გავლით იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი. ამასთან, პორტალის შესაძლებლობებით სრულად სარგებლობისთვის სისტემაში შესასვლელად რეკომენდირებულია ახალი პირადობის მოწმობის გამოყენება.

მოქალაქის პორტალზე მომხმარებელი რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით მიიღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას - იქნება ეს პიროვნებასთან (პასპორტი, სხვადასხვა სახის მოწმობები, გვართან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია), ქონებასთან, სოციალურ მომსახურებასთან, ჯანდაცვასთან ან ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული პროცედურები თუ კომუნალური, სხვადასხვა სახის ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების გადახდა. ყველა მომსახურება შესაბამისი კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული, რაც ამარტივებს სასურველის არჩევას. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს მისთვის საჭირო ყველა ის მომსახურება, რომელსაც ხშირად იყენებს, საკუთარი შეხედულებისამებრ განათავსოვს პირად გვერდზე. დღეისათვის პორტალზე განთავსებულია 70-ზე მეტი ელექტრონული მომსახურება.

მნიშვნელოვანია მოქალაქის პორტალის როლი ღია მმართველობის ინიციატივის განხორციელების მიმართულებითაც. პორტალზე განთავსებულია შესაბამისი სექცია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან ელექტრონულად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია და პასუხიც პორტალზევე მიიღოს.

„მოქალაქის პორტალი MY.GOV.GE - ეს არის თქვენი ელექტრონული მთავრობა. პორტალის ფუნქციონირების პრინციპებია: სიმარტივე, მოქნილობა და უსაფრთხოება. პორტალის ახალი ვერსიის გაშვებით ჩვენ კიდევ უფრო მოსახერხებელი გავხადეთ მოქალაქეს, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. პორტალის მეშვეობით მოქალაქეებს ვთავაზობთ სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ყველა ელექტრონული სერვისის ერთი ფანჯრის პრინციპით გამოყენების შესაძლებლობას. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მაგალითად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეიცვალოს მისამართი, განაახლოს ქონების ამონაწერი, ელქტრონულად გამოითხოვის საჯარო ინფორმაცია ან დაარეგისტრიროს კომპანია და წამოიწყოს ბიზნესი“, - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.