საქართველოს კიბერ უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VI რეგიონული კონფერენცია/გამოფენა და IT ინოვაციების დაჯილდოება (GITI 2013)
29 ნოემბერი, 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით 28-29 ნოემბერს, სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“ რიგით VI ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია (გამოფენა, დაჯილდოება) გაიმართა, რომლის მთავარი თემები იყო კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები. კონფერენცია წლის საუკეთესო IT პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიალით 29 ნოემბერს დასრულდა.

ღონისძიება გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. კონფერენციის მონაწილეებს გახსნითი სიტყვით ასევე მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა, ICT ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა გიგა შუბითიძემ და ავსტრიის ელექტრონული მმართველობის ფედერალურმა აღმასრულებელმა მდივანმა კრისტიან რუპმა.

წლევანდელი კონფერენცია, რომლის დევიზიც იყო „ინფორმაციული ტექნოლოგიები მომავლისთვის“, რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს მასპინძლობს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებული იყო მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი, რომლებმაც განიხილეს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხები, წარმოადგინეს წლის განმავლობაში შემუშავებული ინოვაციური IT პროექტები და გაეცნენ აღნიშნული მიმართულებით ამა თუ იმ ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ელექტორნული მმართველობის განვითარების პროექტებს, ასევე ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.

„ექვის წლის მანძილზე ყოველი ახალი კონფერენცია განვითარების ახალ საფეხურზე გადადიოდა. დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართული ღონისძიება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში რეგიონული მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თავს უყრის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროში ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების წამყვან მოთამაშეებს, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.“ - აღნიშნავს გიგა შუბითიძე, ICT ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი.

კონფერენციის მე-2 სამუშაო დღე მთლიანად დაეთმო კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებს. კიბერ უსაფრთხოების შესახებ მოხსენება გააკეთეს ამ მიმართულების მსოფლიოში აღიარებულმა ექსპერტებმა.

„ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება წარმოუდგენელია ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებების განვითარების გარეშე. დღეისათვის საქართველო ელექტრონული მმართველობის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადის. სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ იქმნება ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არაერთი მომსახურება და ამით მარტივდება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა. ეს პროცესი კი მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან. ამდენად, კონფერენციას ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამასთანავე, როგორც ელექტრონული მმართელობის, ისე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა.“ - ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

კონფერენცია ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. წელს 17 ნომინაციაში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 50-მდე პროექტი იყო წარმოდგენილი.

გასულ წელებში ანალოგიურ კონკურსში არაერთი გამარჯვებული გამოვლინდა: 2012 წელს გრან-პრის მფლობელი გახდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2011 წელს გრან-პრის მფლობელი გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, 2010 და 2008 წლებში კი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო 2009 წელს - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

GITI 2013-ის განსაკუთრებული მხარდამჭერია ევროკავშირის ელ-მმართველობის განვითარების პროექტები.

სპონსორები: HP, Microsoft, Cisco,
SAP, UGT, Orient Logic.