მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა ნატოს პროგრამის - მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ფარგლებში მონტენეგროელი სპეციალისტებისთვის ტრენინგები ჩაატარეს
20 სექტემბერი, 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე. სააგენტოს მიერ ელექტრონული მმართველობის, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარებულმა სამუშაოებმა და არაერთმა წარმატებით განხორციელებულმა პროექტმა სააგენტოს ექსპერტებს უკვე მოუტანა საერთაშორისო აღიარება.

სხვა საერთაშორისო პარტნიორებს შორის მონაცემთა გაცვლის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან (NATO). ამ ორგანიზაციის პროგრამის - მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ფარგლებში გამართულ ტრენინგებში მიწვეული ექსპეტრებისა და ტრენერების სტატუსით სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენლები 2012 წლიდან მონაწილეობენ.

ინფორმაციული უსაფრთხოების შესავალი, კიბერ თავდაცვის მექანიზმები, ვებგვერდებისა და პორტალების უსაფრთხოება, ქსელის მონიტორინგი და დაცვა, კრიპტოგრაფია, კიბერ ინციდენტების აღმოჩენა, რეგისტრაცია, ანალიზი და პრევენციის ზომები - ეს ის საკითხებია, რომლებშიც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებს შესაბამისი მაღალი კვალიფიკაცია გააჩნიათ და ცოდნასა და გამოცდილებას ნატოს პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს უზიარებენ.

სააგნეტოს წამომადგენლებმა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (METU) ინფორმატიკის ინსტიტუტში უკვე ჩაატარეს 2 ტრენინგი ავღანელი და მაკედონიელი სისტემური და ქსელის ადმინისტრატორებისთვის.

2013 წლის 16-19 სექტემბერს სააგენტოს წარომადგენლები კვლავ მიიწვიეს ტრენინგების ჩასატარებლად. ამჯერად სწავლება მონტენეგროს შესაბამისი პროფილის სპეციალისტებს ჩაუტარდათ, სასწავლო კურსის თემა კი ინფორმაციული უსაფრთხოების გარდა, უკვე კიბერ უსაფრთხოების საკითხებსაც მოიცავდა.

„21-ე საუკუნეში კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ეს გამოწვევა დგას პრაქტიკულად ნებისმიერი ქვეყნის წინაშე. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება. ჩვენს ორგანიზაციაში არსებული სტრუქტურა CERT.GOV.GE წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციულ და კიბერ უსაფრთხოებაზე მომუშავე მთავარ ორგანოს. შესაბამისად, ჩვენს პერსონალს აქვს ის კვალიფიკაცია, ცოდნა, გამოცდილება და საერთაშორისო აღიარება, რომელიც საჭიროა თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად.“ - ირაკლი ლომიძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პერმანენტული მონაწილეობა ნატოს პროგრამის - მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში განპირობებულია საქართელოს, როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში წარმატებული გამოცდილების მქონე ქვეყნის რეპუტაციით.