მონაცემთა გაცვლის სააგენტომ დაძმობილების (Twinning) პროექტის ფარგლებში ელ-საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტის წინასწარ ვერსიაზე მუშაობა დაასრულა
05 ივლისი, 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტის „ელექტრონული მმართველობის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში დაასრულა ელ-საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტის წინასწარ ვერსიაზე მუშაობა. სამუშაო პროცესში ჩართული მხარეებისთვის, სხვადასხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის, დოკუმენტის პრეზენტაცია 4 ივლისს გაიმართება.

ელ-საქართველოს სტრატეგიულ დოკუმენტში ასახულია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების, მათი გამოყენებისა და ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბების მასტიმულირებელი აქტივობები. იდენტიფიცირებულ იქნა ელ-მმართველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩამონათვალი, ბიზნესისა და საზოგადოებრივი სექტორის ჩართულობისა და საკანონმდებლო, მარეგულირებელი და ტექნიკური გარემოს საკითხები.

„დაძმობილების პროექტის ფარგლებში ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩვენ გვაქვს ელ-საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოო სამუშაო ვერსია, რომელიც პრეზენტაციის შემდეგ გადაეგზავნება პროცესში ჩართულ ყველა მხარეს. სტრატეგიული დოკუმენტის მიზანია, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებისა და ქართული სინამდვილის გათვალისწინებით მოხდეს ელ-საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემდგომი დამუშავება ძირითად პარტნიორებთან დისკუსიისა და შეთანხმების საფუძველზე.“ - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენოს თავმჯდომარე.