მონაცემთა გაცვლის სააგენტოს CERT.GOV.GE ჯგუფი FIRST-ის სრული წევრი გახდა
04 ივლისი, 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი CERT.GOV.GE ანალოგიური პროფილით მომუშავე ორგანიზაციების საერთაშორისო ფორუმის FIRST-ის სრული წევრი გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება FIRTS-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარემ მმარტენ ვან ჰორენბიკმა სააგენტოსთვის გამოგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაში დაადასტურა.

FIRST-ის სრული წევრობა CERT.GOV.GE-ს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრებიდან კიბერ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უცხოელ პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო მასშტაბით ერთობლივად იმუშაოს სხვადასხვა დონის ინციდენტების აღმოჩენის, რეგისტრაციის ანალიზისა და პრევენციის ღონისძიებებზე. ამასთან, CERT.GOV.GE-ს მონაცემები განთავსდება FIRST-ის მონაცემთა ბაზაში, როემლიც ხელმისაწვდომია ყველა მისი წევრისთვის, რაც გაამარტივებს კავშირს სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან და ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გააქტიურებას.

„მოხარული ვარ, რომ ჩენი სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი, საქართველოს სამთავრობო „სერტი“ - CERT.GOV.GE ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიოში დღეისათვის არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ქმედუნარიან საერთაშორისო ფორუმს FIRST-ს, რომელიც თავს უყრის ჩვენი პროფილის ორგანიზაციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ამ ორგანიზაციას წევრობის მკაცრი კრიტერიუმები აქვს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია მისი წევრობისთვის. ეს კრიტერიუმებია: გამართული ინფრასტრუქტურა, პროფესიონალთა გუნდი, წარმატებული პოროექტების პორტფოლიო, მჭიდრო საერთაშორისო კავშირები და სხვა. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო კმაყოფილება, რომ CERT.GOV.GE-მ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და გახდა FIRST-ის სრული წევრი.“ - ირაკლი ლომიძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.