მონაცემთა გაცვლის სააგენტომ და კომპანია Microsoft-მა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
05 ივნისი, 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ და კომპანია Microsoft-მა სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს კიბერუსაფრთხოების სფეროში მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და კომპანია Microsoft-ის თანამშრომლობას.

მემორანდუმის თანახმად, კომპანია Microsoft-ი მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფს კომპეტენციის ფარგლებში გაუწევს დახმარებას კომპიუტერული ინციდენტების აღმოჩენის, ანალიზისა და პრევენციის პროცესში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია მზად არის ითანამშრომლოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან კიბერ და ინფორმაციული ინციდენტების აღმოჩენის, ანალიზისა და პრევენციის პროცესში. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი CERT.GOV.GE ქვეყნის მასშტაბით კიბერ და ინფორმაციული ინციდენტების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ორგანოა და ასეთ ძლიერ პარტნიორთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს კიბერ სივრცის უსაფრთხოების დონის ამაღლებას.“ - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

„Microsoft-ს, როგორც მსოლიოს ერთ-ერთ უდიდეს IT კომპანიას, ხშირად უწევს მრავალ კიბერ ინციდენტთან შეხება, რომელიც მიმართულია მისი შიდა ქსელის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, კომპანიას აქვს მსოფლიო კლასის გამოცდილება კიბერ ინციდენტების აღმოჩენისა და აღმოფხვრის საქმეში. ამ გამოცდილებას Microsoft-ი უფასოდ უზიარებს საკუთარ მომხმარებლებს, რათა მათ უკეთ შეძლონ ასეთი ინციდენტებით გამოწვეული პრობლემების მოგვარება. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ დახმარებას გავუწევთ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, რაც ქვეყნის მთავრობას შესაძლებლობას მისცემს უკეთ გაუმკლავდეს ახლანდელ თუ სამომავლოდ მოსალოდნელ კიბერ საფრთხეებს.“ - დავით ასათიანი, Microsoft საქართველოს გენერალური მენეჯერი.