ტრენინგების ციკლი „ინფორმაციულ უსაფრთხოების საფუძვლებში“
29 აპრილი, 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო 2013 წლის ყოველი თვის შუა რიცხვებში გეგმავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებისთვის ტრენინგების ციკლის ორგანიზებას „ინფორმაციულ უსაფრთხოების საფუძვლებში“.

კურსი ეფუძნება ISO 27001 სტანდარტს და საქართველოს კანონს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ.

კურსი შედგება შემდეგი მოდულებისგან: ინფორმაციული უსაფრთხოების შესავალი, დანერგვა, შიდა აუდიტი.

კურსის მიზანია: ორგანიზაციის პერსონალს გამოუმუშავდეს ინფორმაციული უსაფრთხოების რისკებთან შესაბამისი მოპყრობის უნარ-ჩვევები, განუმარტოს ინფორმაციული უსაფრთხოების დონეები, გააცნოს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის პრინციპები და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემები.

კურსი განკუთვნილია ორგანიზაციის ზედა და საშუალო მენეჯმენტისთვის და ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებისთვის. კურსის ხანგრძლივობაა 5 დღე.

კურსის საფასური შეადგენს 980 ლარს.

კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ერთი თანამშრომლისთვის (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება #157- (2013 წლის 11 მარტი) კურსი არის უფასო.

კურსის დამთავრების შემდეგ ჩატარდება ტესტირება. ტესტირების შედეგების შეფასების საფუძველზე მონაცემთა გაცვლის სააგენტო გასცემს ორი ტიპის სერტიფიკატს. იმ შემთხვევაში, თუკი დამსწრე ტესტირების საკითხების 90 პროცენტს გასცემს სწორ პასუხებს, მასზე გაიცემა როგორც ტრენინგზე დასწრების, ასევე გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატები. ხოლო, თუ დამსწრე აღნიშნულ ზღვარს ვერ გადალახავს, ამ შემთხვევაში მასზე გაიცემა მხოლოდ ტრენინგზე დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

გთხოვთ მოგვაწოდოთ იმ თანამშრომლის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტის მისამართი), რომელიც არის ან სამომავლოდ იქნება თქვენი ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, რათა მას ჩაუტარდეს ზემოხსენებული ტრენინგი.

ტრენინგი ჩატარდება ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში (12–15 კაცი) 2013 წლის დარჩენილი თვეების შუა რიცხვებში.