მოქალაქის პორტალს MY.GOV.GE რეგისტრაციის ახალი ფორმა დაემატა
28 იანვარი, 2013

მოქალაქის პორტალზე MY.GOV.GE რეგისტრაცია ID ბარათის გარდა უკვე შესაძლებელია მომხმარებლის სახელისა და პაროლის მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ დაასრულა აღნიშნული ფუნქციის პორტალზე ინტეგრაცია, რაც კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მისცემს საშუალებას ისარგებლოს MY.GOV.GE-ს სერვისებით.

„იმისათვის, რომ გესარგებლათ მოქალაქის პორტალით, დღემდე აუცილებელი იყო გქონოდათ ID ბარათი და ბარათის წამკითხველი. ეს, რასაკვირველია, ზღუდავდა პორტალის მომხმარებელთა არეალს. ამდენად, ჩვენ გადავწყვიტეთ მომხმარებლებისთვის პორტალზე რეგისტრაციის კიდევ ერთი საშუალება მიგვეცა. ეს არის მარტივი ფორმა, როგოც, ვთქვათ, ვარეგისტრირებთ ელექტრონულ ფოსტას, ამგვარადვე შესაძლებელია მომხმარებლის სახელითა და პაროლით პორტალზე რეგისტრაცია. ამის შემდეგ მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს პორტალის მომსახურებათა უმრავლესობით, ცაკლეული გამონაკლისების გარდა.“ - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

პოტრალზე სახელითა და პაროლით რეგისტრაციისას მომხმარებელი ვერ ისარგებლებს ისეთი მომსახურებებით, რომლებიც მოითხოვს ციფრულ ხელმოწერას, მაგალითად, ბიზნესის დარეგისტრირება. ამისათვის კვლავ საჭიროა 
ID ბარათით რეგისტრაცია, თუმცა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის პერსონალური ინფორმაციის მიღება ოჯახთან, ქონებასთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე სხვადასხვა სახის ჯარიმებისა და გადასახადების, მათ შორის კომუნალური გადასახადების გადახდა.

მოქალაქის პორტალი MY.GOV.GE წარმოადგენს ონლაინ რესურსს, რომელშიც თავმოყრილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ელექტრონული სერვისები. პორტალი 2012 წლის მაისიდან ფუნქციონირებს და შექმნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ. მოქალაქის პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ელექტრონული ID ბარათის მეშვეობით დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით ისარგებლოთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურების ელექტრონული სერვისებით.