ერთიანი სავაჭრო ქსელის პროექტთან დაკავშირებით ბიზნეს პროცესების შეფასების ეტაპი სრულდება
22 ოქტომბერი, 2012

ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მონაცემთა გაცვლის სააგენტო სისტემის ბიზნეს პროცესების შეფასების ანალიზს ასრულებს.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში სისტემის მონაწილე მხარეებთან მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა პროცესების ამსახველი დოკუმენტების შესწავლის, დამუშავებისა და მიღებული ინფორმაციის ტექნიკურ პლატფორმაში რეალიზების მიმართულებით.

„ერთიანი სავაჭრო ქსელის პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვასრულებთ სისტემაში ჩართული მონაწილე მხარეებისგან დოკუმენტების დამუშავების პროცესს და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ტერქნიკურ პლატფორმაში რეალიზებას ვახორციელებთ. სამუშაო პროცესში ჩვენ განვსაზღვრეთ თუ მონაწილე მხარეებს რა ვალდებულებები აკისრიათ სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე გადამზიდავი კომპანიების, პორტისა და საბაჟო სამსახურების თანამშრომლობის ბიზნეს პროცესების ანალიზი დასრულების ეტაპზეა.“ - ნიკოლოზ გაგნიძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი.

ერთიანი სავაჭრო ქსელის შესახებ:
ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბება საშუალებას მისცემს ვაჭრობაში ჩართულ მხარეებს ელექტრონულ რეჟიმში გაცვალონ ინფორმაცია, რაც შეამცირებს დანახარჯებსა და ტრანზაქციებზე დახარჯულ დროს. იგი საშუალებას მისცემს ვაჭრობის მონაწილეებს თავი აარიდონ დოკუმენტ-ბრუნვას და არა მხოლოდ ელექტრონულად მოახდინონ საჭირო ფორმების შევსება და ტვირთების განბაჟება, არამედ მიიღონ ინფორმაცია გადაზიდვების განრიგის, ტვირთის ადგილმდებარეობისა და ვაჭრობისათვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაციის შესახებ. აღნიშნული ქსელი კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სატრანზიტო კორიდორის მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს საქართველოში ტვირთბრუნვის ზრდას.