საქართველოს კიბერ უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების V საიუბილეო კონფერენცია GITI 2012
15 ნოემბერი, 2012

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“ დასრულა რიგით მე-5 საიუბილეო ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია (გამოფენა, დაჯილდოება), რომლის მთავარი თემა იყო კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში წლის საუკეთესო IT პროექტების ავტორები დააჯილდოეს.

ღონისძიება გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ჯანდიერმა. კონფერენციის მონაწილეებს გახსნითი სიტყვით ასევე მიმართეს ICT ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა გიგა შუბითიძემ, ავსტრიის ელექტრონული მმართველობის ფედერალურმა აღმასრულებელმა მდივანმა კრისტიან რუპმა და თურქეთის პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციული განვითარების ხელმძღვანელმა არსლან ავსარბეიმ.

წლევანდელმა კონფერენციამ, რომლის დევიზია „ინფორმაციული ტექნოლოგიები მომავლისთვის“, რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს უმასპინძლა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი, რომლებმაც განიხიეს კიბერ უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხები, წარმოადგინეს წლის განმავლობაში შემუშავებული ინოვაციური IT პროექტები და გაეცნენ აღნიშნული მიმართულებით ამა თუ იმ ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ელექტორნული მმართველობის განვითარების პროექტებს, ასევე ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.

„წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა. ხუთი წლის მანძილზე ყოველი ახალი კონფერენცია განვითარების ახალ საფეხურზე გადადიოდა. დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართული ღონისძიება იფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თავს უყრის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროში ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების წამყვან მოთამაშეებს, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.“ - აღნიშნავს გიგა შუბითიძე, ICT ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი.

კონფერენციის მე-3 სამუშაო დღე მთლიანად დაეთმო კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებს.

„ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება წარმოუდგენელია ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებების განვითარების გარეშე. დღეისათვის საქართველო ელექტრონული მმართველობის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადის. სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ იქმნება ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არაერთი მომსახურება და ამით მარტივდება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა. ეს პროცესი კი მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან. ამდენად, კონფერენციას ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამასთანავე, როგორც ელექტრონული მმართელობის, ისე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა.“ - ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

კონფერენცია ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. 15 ნომინაციაში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან გამოვლინდა 15 გამარჯვებული.

წლის განმავლობაში შექმნილი საუკეთესო
IT პროექტებისთვის გრან-პრის მფლობელი გახდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

GITI 2012-ის განსაკუთრებული მხარდამჭერია USAID-ის პროექტი ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI), ასევე NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა.

სპონსორები: HP, Microsoft, Cisco, Oracle, UGT, Orient Logic, Janus.