მონაცემთა გაცვლის სააგენტომ საჯარო სექტორისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების თემაზე გამართული ტრენინგების მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა
12 ივლისი, 2012

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ ინფორმაციული უსაფრთხოების თემაზე საჯარო სექტორისთვის გამართული ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა. ტრენინგების ციკლში, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა 10 საჯარო ორგანიზაციის 30-მდე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

ტრენინგები წინ უძღოდა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ამოქმედებას, რომელიც ძალაში 2012 წლის 1 ივლისს შევიდა.

„1 ივლისიდნ ძალაში შევიდა კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სექტორის ორგანიზაციებს მივაწოდოთ ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული რეგულაციების შესახებ, რათა მათ გაუადვილდეთ ახალ მოთხოვნებთან შესაბამისი ადაპტაცია და წარმატებით მოახდინონ ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე რეაგირება. ეს საჯარო და კერძო ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ კარგად გამართული სტრუქტურა, რომელიც ამავე ორგანიზაციების ეფექტური ფუნქციონირების ერთ-ერთი გარანტია. ტრენინგების ციკლიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.“ - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

ტრენინგების ციკლი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავდა: 1) კომპიუტერულ ინციდენტების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება.
2) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, დანრგვა და ორგანიზაციაში მისი აუდიტი.

ტრენინგები ჩაატარეს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კვალიფიცირებულმა ტრენერებმა, რომლებიც ფლობენ შესაბამის ცოდნას და აქვთ ინფრომაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.