CERT.GOV.GE CERT-ების ევროპული გაერთიანების “TRUSTED INTRODUCER” აკრედიტებული წევრი გახდა
15 მაისი, 2012

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი (CERT.gov.ge) CERT-ების ევროპული გაერთაინების „Trusted Introducer“-ის აკრედიტებული წევრი გახდა. ამიერიდან Trusted Introducer-ის ვებ-გვერდზე https://www.trusted-introducer.org/index.html CERT.gov.ge ოფიციალურად რეგისტრირებულია ევროპული CERT-ების სიაში, რაც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის საერთაშორისო არენაზე აღიარების მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

მოხარულნი ვართ, რომ ისეთმა მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორიცაა Trusted Introducer, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფს (CERT.gov.ge) აკრედიტებული წევრის სტატუსი მიანიჭა. Trusted Introducer-ის აკრედიტებული წევრობა CERT.gov.ge- საშუალებას მისცემს კიბერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობა დაამყაროს ევროპული ქვეყნების ანალოგიურ უწყებებთან, ხოლო, თავის მხრივ, უცხოური CERT-ებისთვის საქართველოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი გახდება საკონტაქტო უწყება სხვადასხვა სახის კიბერ ინციდენტების აღმოჩენის, მათი ანალიზისა და პრევენციისათვის ერთობლივი ღონისძიებების გასატარებლად.“ - ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.