ყველა ელექტრონული სერვისი ერთ პორტალზე - MY.GOV.GE
18 მაისი, 2012

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ ამავე სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შემუშავებული მოქალაქის პორტალის MY.GOV.GE პრეზენტაცია გამართა. უკანასკნელი წლების განმვალობაში საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პროცედურების გამარტივება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამოიყენება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემები, რომელებიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს სახლიდან თუ სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად დისტანციურად ისარგებლოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქრურების მომსახურებით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო აქტიურად მუშაობდა Microsoft-სა და HP-სთან ერთად მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში არსებული მონაცემების ურთიერთგაცვლის თანამედროვე მოდელის აგება. ამან საშუალება მოგვცა შეგვექმნა ვებპორტალი - ერთ ონლაინ რესურსში თავმოყრილი სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მოძიებისა და გამოყენების შესაძლებლობა. მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის გამართვის პარალელურად საქართველოში ელექტრონული ID ბარათები დაინეგრა.


ID ბარათის გამოყენება ყველაზე ეფექტურად მოქალაქის პორტალზე my.gov.ge არის შესაძლებელი. ID ბარათის გამოყენებით მოქალაქე დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით მიიღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას - იქნება ეს პიროვნებასთან (პასპორტი, სხვადასხვა სახის მოწმობები, გვართან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია), ქონებასთან, სოციალურ მომსახურებასთან, ჯანდაცვასთან ან ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული პროცედურები თუ კომუნალური, სხვადასხვა სახის ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების გადახდა.


„მოქალაქის პორტალის შექმნით ჩვენ უკვე ჩავდექით მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული ქვეყნების რიგში. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ასეთი სახის პორტალი ამუშავდა. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს მოქალაქეს, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ჩვენ მოქალაქის პორტალს ერთქგვარად, ვირტუალური იუსტიციის სახლიც შევარქვით, რადგან აქაც ყველაფერი ერთ ვებგვერდზე ხდება. მომხმარებელი ID ბარათის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შედის სისტემაში და ონლაინ რეჟიმში იღებს ყველა სერვისს“, - გიორგი ვაშაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.