„მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ კვალიფიციური სანდო მომსახურების, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალისა (My.gov.ge) და კიბერჰიგიენის შესახებ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა
25 მაისი, 2019

მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის 23-24 მაისს, სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების სამართლებრივი ასპექტების, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) პრაქტიკული დანიშნულებისა და კიბერჰიგიენის შესახებ ტრენინგი ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭრით გაიმართა.

ტრენინგს სსიპ “მონაცემთა გაცვლის სააგენტოს” წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ტრენინგის მიზანია საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის სიახლეების გაცნობა და ელექტრონულ სერვისებთან, ელექტრონულ ხელმოწერასთან და კიბერჰიგიენასთან მიმართებით მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება.

„მოხარულები ვართ, რომ ამჯერად მედიისა და არასამთავრობი სექტორის წარმომადგენლებს ვესაუბრებით იმ ძირეული სიახლეების შესახებ, რაც უკავშირდება როგორც ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებას ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენებას, ისე ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია ელექტრონული სერვისების, ელექტორნული ხელმოწერის შესახებ და ნათლად დავანახოთ ის სარგებელი, რომლის მიღებაც მათი გამოყენების შემთხვევაშია შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო სექტორთან ერთად, მოვიწვიეთ მედიის წარმომადგენლები, რადგან ისინი წამროადგენენ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანის საქმეში უმნიშვნელოვანეს რგოლს. ვინაიდან საქმე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ეხება, ასევე გადავწყვიტეთ ვისაუბროთ კიბერჰიგიენის შესახებ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება, სამიზნე აუდიტორია კი მოიცავს ყველას - საჯარო მოხელეებს, კერძო სექტორში დასაქმებულებს, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, მეწარმეებსა და სხვა“, - ეკა გორდაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ იურიდიული სამმართველოს იურისტი.

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი კომუნიკაციის თანამედროვე ფორმის განუყოფელი ნაწილია და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობის გამო მისი გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება ამარტივებს ურთიერთობის პროცესს როგორც სხვადასხვა უწყებასთან და მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან, ისე საქმიან პარტნიორებს შორის.