„მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კვალიფიციური სანდო მომსახურების, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალისა (My.gov.ge) და კიბერჰიგიენის შესახებ ტრენინგების ციკლს რეგიონებში აგრძელებს
25 მარტი, 2019

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს 21 მარტს ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების სამართლებრივი ასპექტების, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) პრაქტიკული დანიშნულებისა და კიბერჰიგიენის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ორგანიზებითა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭრით ჩატარდა.

ტრენინგს სსიპ “მონაცემთა გაცვლის სააგენტოს” წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ტრენინგის მიზანია საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის სიახლეების გაცნობა და ელექტრონულ სერვისებთან, ელექტრონულ ხელმოწერასთან და კიბერჰიგიენასთან მიმართებით მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება.

„აღნიშნულ ტრენინგს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან საქმე ეხება ძირეულ სიახლეებს როგორც ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების, ისე ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია ელექტრონული სერვისების, ელექტორნული ხელმოწერის შესახებ და ნათლად დავანახოთ ის სარგებელი, რომლის მიღებაც მათი გამოყენების შემთხვევაშია შესაძლებელი. ვინაიდან საქმე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ეხება, ასევე გადავწყვიტეთ თავდაპირველი კურსისთვის კიბერჰიგიენის მოდულიც დაგვემატებინა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით
ტარდება, სამიზნე აუდიტორია კი მოიცავს ყველას - საჯარო მოხელეებს, კერძო სექტორში დასაქმებულებს, სტუდენტებს, მეწარმეებს და სხვა“, - ეკა გორდაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ იურიდიული სამმართველოს იურისტი.

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი კომუნიკაციის თანამედროვე ფორმის განუყოფელი ნაწილია და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობის გამო მისი გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება ამარტივებს ურთიერთობის პროცესს როგორც სხვადასხვა უწყებასთან და მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან, ისე საქმიან პარტნიორებს შორის.