„მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა
07 თებერვალი, 2019



5 თებერვალს საერთაშორისო საზოგადოება „უსაფრთხო ინტერნეტის დღეს“ აღნიშნავს (Safer Internet Day - SID). ამ ყოველწლიურ გლობალურ ინიციატივას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილი ღონისძიებებით საქართველო წელს პირველად შეუერთდა.

მთელი დღის განმავლობაში არაერთი აქტივობა გაიმართა, რომელშიც სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთო. სააგენტოს წარმომადგენლებმა სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ISOC-საქართველოსა და სხვა სამთავრობო და არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ინტერნეტუსაფრთხოების მნიშვნელობასთან, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებასთან და ზოგადად, ინტერნეტმმართველობის საკითხებთან დაკავშირებული პრეზენტაცია გააკეთეს; ამავე სააგენტოს სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის
 (CERT-GOV-GE) წარმომადგენლებმა კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის თემაზე სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომ უსაფრთხო ინტერნეტისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დღე წელს პირველად საქართველოშიც აღინიშნა. ევროკომისია აქტიურად უჭერს მხარს ამ პროექტს, ჩვენ კი, როგორც გლობალური ინტერნეტუსაფრთხოების ნაწილი, აქტიურად უნდა ვიყოთ წარმოჩენილი ამ ასპარეზზე, ვინაიდან საქართველოში ბევრი პროექტი და ინიციატივა გვაქვს, რომელიც ინტერნეტუსაფრთხოებას უკავშირდება“, - ნიკოლოზ გაგნიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ 2005 წლიდან ყოველ თებერვალს აღინიშნება “ინსეიფ/ინჰოუპ” (Insafe/INHOPE) ერთობლივი ქსელის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით. ის წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტგარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის. „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ მიზანია უსაფრთხო და უკეთესი ინტერნეტსივრცის შექმნა და ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის და „ციფრული წიგნიერების“ დონის ამაღლების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში, ასევე მათ მშობლებსა და პედაგოგებში.