ონლაინ კიბერლაბორატორია - კიბერსავარჯიშოების პორტალი www.cyber-lab.tech
29 ნოემბერი, 2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბერსავარჯიშოების დისტანციური პორტალის (www.cyber-lab-tech) პრეზენტაცია გაიმართა. კიბერლაბორატორია - ახალი ონლაინ რესურსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფისა (CERT.GOV.GE) და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციის („გრენა“) მიერ ევროკავშირის EaPConnect პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა.

პორტალის მიზანია კიბერუსაფრთხოების თემით დაინტერესებულ საქართველოს უნივერსიტეტების ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულების სტუდენტებს დაეხმაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებაში, რათა უკეთ შეძლონ კიბერინციდენტების აღმოჩენა და მათზე რეაგირება. პორტალი ასევე სასარგებლო იქნება საჯარო და კერძო სექტორში მომუშავე IT პერსონალისთვის, ვისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ორგანიზაციის კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაში გამოვლენილ კიბერინციდენტებზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირების მოხდენა.

პორტალზე განთავსებული სავარჯიშოები მრავალფეროვანია და ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კრიპტოგრაფია, რეალური ინციდენტების მავნე კოდის ანალიზი, რეალური სერვერების კიბერინციდენტების ე.წ. ლოგფაილების ანალიზი, რევერსული ინჟინერია, ქსელური ნაკადების ანალიზი, კიბერანალიტიკა და სხვა.

„მოხარულები ვართ, რომ დღეს წარვადგინეთ კავკასიის რეგიონში პირველი ონლაინ კიბერლაბორატორია, რომელიც უნიკალური შესაძლებლობაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც კიბერუსაფრთხოების საკითხებით არის დაინტერესებული. მოგეხსენებათ, ქართულ ენაზე ასეთი ტიპის ტექნიკური შინაარსის მატარებელი მასალა პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მიერ მასშტაბური სამუშაო იქნა გაწეული, რათა ეს მასალა ორიგინალის სახით მშობლიურ ენაზე შეგვექმნა, რომელსაც ანალოგი არ აქვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს ჩვენ მიერ შემუშავებული სავარჯიშოების უცხოენოვანი ვერსიების დამატებაც, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რესურსის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას“, - დავით ქვათაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის
(CERT.GOV.GE) მენეჯერი.

დაინტერესებულ მომხმარებელს მარტივი რეგისტრაციის გავლით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია მოიპოვის წვდომა სავარჯიშოებზე და გაეჯიბროს სხვა მომხმარებლებს, ასევე გაწევრიანდეს სხვადასხვა ჯგუფში (მაგ.: უნივერსიტეტების მიხედვით). სისტემის მეშვეობით მარტივად არის შესაძლებელი სწორად და მცდარად შესრულებული დავალებების ნახვა და რეიტინგში მიღწეული შედეგების მონიტორინგი.

სამომავლოდ დაგეგმილია პორტალის ფუნქიონალური ნაწილის კიდევ უფრო დახვეწა, ვირტუალური მანქანების ლაბორატორიის ეკოსისტემაში ინტეგრაცია, ახალი სავარჯიშოების დამატება და არსებული პლატფორმის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დანერგვა.